პროკურატურის განცხადებით, "კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარუდგინეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთ ბრალდებულს, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა, 3 000 ლარის საპატიმრო გირაო შეეფარდა. ბრალდებულების ნაწილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ "ქურდული სამყაროს" წევრები, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე, როგორც საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. "კანონიერი ქურდების" დავალებით, ისე დამოუკიდებლად, სისტემატურად აწყობდნენ "ქურდულ გარჩევებს" და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს განიხილავდნენ. ასევე მოქალაქეებს სძალავდნენ თანხებს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ე.წ. "კანონიერმა ქურდმა" "ქურდული სამყაროს" წევრებს დაავალა, რომ "ქურდული სამყაროს" წევრების და მხარდამჭერების მეშვეობით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ე.წ. "ქურდული გადაწყვეტილება" აღესრულებინათ, რაც მის მიმართ სადამსჯელო მოქმედებებს ითვალისწინებდა". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
რაც შეეხება მირზა ალიევის საქმეს, რომელიც სპეცოპერაციისას, საპასუხო სროლის დროს მოკლეს, უწყების ცნობით, ალიევმა ე.წ. ქურდულ საერთოში შესატანი თანხის შემცირების მიზნით, "კანონიერ ქურდებს" მიმართა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებისთვის გახსნილი ცეცხლის საპასუხო ღონისძიების შედეგად ლიკვიდირებულმა "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა "ქურდულ საერთოში" გადასახდელი თანხის შემცირების მიზნით "ქურდული სამყაროს" წევრებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა. საკითხის მოსაგვარებლად "ქურდული სამყაროს" წევრების მონაწილეობით გაიმართა მოლაპარაკებები და გარჩევები. აღნიშნულ პერიოდში მირზა ალიევმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს აღმოუჩინა ფინანსური დახმარება. ქურდული გარჩევის გზით საბოლოდ მიღწეული იქნა შეთანხმება, რის სანაცვლოდაც "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა "ქურდული სამყაროს" წევრებს გადასცა საერთო ჯამში 6 000 აშშ დოლარი". - წერს პროკურატურა.
ბრალდებულებისგან 34 პირი სამართალდამცავებმა ჩატარებული ღონისძიების შედეგად დააკავეს. ექვს პირს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო სამ პირს ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინათ.
ბრალდებულებს ბრალდება ქურდული სამყაროს წევრობის, "კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის, "კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იგივე საქმეზე დაკავებულია ბიზნესმენ დავით მიქაძის დაცვის უფროსი, ასევე დავით მიქაძეს, რომელიც ბრალდებულია ბიზნესმენ ლევან ჯაგველაძის მკვლელობის საქმეზე, ახალი ბრალდება დასწრებლად წარედგინა.
მიქაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.





