ე.წ. ქურდული სამყარო

შსს: ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 34 პირი დავაკავეთ

შსს-ს ცნობით, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 34 პირი დააკავეს. 

"5 სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 34 პირი დავაკავეთ. 7 პირს კი, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 2 პირს, საზღვარგარეთ მყოფ 4 ადამიანსა და 1 კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ, საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ და იღებდნენ მათგან სხვადასხვა დავალებას, რომელსაც შემდგომში ასრულებდნენ.

ასევე დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, სადაც პირობების დამრღვევებს საჯარიმო თანხას სთხოვდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში სხვა პირებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული და გამოკვეთილი როლი ჰქონდა, კრიმინალურ ავტორიტეტს ელმურაზ მამედოვს". - წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულების პირადი და  საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც, შსს-ს განცხადებით, ისინი ერთმანეთს, ასევე, საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. ასევე, შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება, ცეცხლსასროლი იარაღები და დიდი ოდენობით ფული.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები