სუდანის სამოქალაქო ომი

სუდანური შეიარაღებული დაჯგუფება RSF აშშ-ს მიერ შეთავაზებულ ჰუმანიტარულ ზავს დათანხმდა

სამხედრო საბჭოს უფროსის მოადგილე და გასამხედროებული ორგანიზაცია სწრაფი რეაგირების ძალების (RSF) ხელმძღვანელი
REUTERS/Umit Bektash/File Photo

6 ნოემბერს სუდანურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, სწრაფი რეაგირების ძალებმა (RSF) განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ შემოთავაზებულ ჰუმანიტარულ ზავს დათანხმდნენ.

RSF-ის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც დაჯგუფებამ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ქალაქი ელ-ფაშერი დაიკავა, ხოლო სუდანის სამთავრობო ძალებს აშშ-ს წინადადებაზე პასუხი ჯერ არ გაუცია.
 
გამოცემა Reuters-ის ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ RSF-მა ელ-ფაშერის დაკავების დროს, სამოქალაქო პირები გაიტაცა და მოკლა, რამაც საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია.
 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სამოქალაქო ომის განმავლობაში ორივე მხარე არაერთ ზავს დათანხმდა, თუმცა ზავის არცერთი შეთანხმება წარმატებული არ ყოფილა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა 6 ნოემბერს განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აგრძელებს მხარეებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს, რათა ჰუმანიტარული ზავის დამყარებას ხელი შეუწყოს. 

სუდანში დაპირისპირება, რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა, 2023 წლის აპრილში დაიწყო. ერთმანეთს ებრძვიან ყოფილი მოკავშირეები: სუდანის არმია, რომელსაც გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი მეთაურობს და სწრაფი რეაგირების ძალები (RSF), რომლის მეთაურიც მუჰამედ ჰამდან დაგლოა. წარსულში RSF-ს აქტიურად უჭერდა მხარს ვაგნერის ჯგუფი. გავრცელებული ცნობების მიხედვით, დაჯგუფებას მხარს უჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროები.

გაეროს მონაცემებით, ომმა უკვე 40,000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნადაა დაკნინებული და რეალური მსხვერპლი შესაძლოა ბევრად უფრო მაღალი იყოს

კომენტარები