სუდანის სამოქალაქო ომი

სუდანში RSF-მა ქალაქი ელ-ფაშერი დაიკავა, ვრცელდება კადრები და ცნობები ომის დანაშაულებზე

RSF-ის მებრძოლები ელ-ფაშერში, კადრი 2025 წლის 26 ოქტომბერს გამოქვეყნებული ვიდეოდან.

შეიარაღებულმა ჯგუფმა სწრაფი რეაგირების ძალებმა (RSF) სუდანში, დარფურის რეგიონში შეიარაღებული ძალების უკანასკნელი პლაცდარმი, ქალაქი ელ-ფაშერი დაიკავა. ნახევარ მილიონამდე ადამიანი RSF-ის ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა. 

ქალაქში RSF-ის ძალების შესვლის ამსახველი კადრები თავდაპირველად 26 ოქტომბერს გავრცელდა. 27 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ შეიარაღებულმა დაჯგუფებამ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი სრულად დაამყარა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ასახულია ქალაქის დაკავების კადრები. ერთ-ერთ ვიდეოში, RSF-ის მეთაურის მოადგილე, აბდულრაჰიმ დაგლო მებრძოლებს მოუწოდებს, რომ მოსახლეობა არ გაძარცვონ და არ დახოცონ. თუმცა სხვა ვიდეოებში ჩანს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანების ცხედრები და მათი დახოცვის კადრები. გავრცელებულ ვიდეოებში მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ იყენებენ ტერმინ "ფალანგაიათს". ეს დამამცირებელი სიტყვაა, რომელიც სუდანის აფრიკული ტომების წარმომადგენლებს მიემართებათ. თავად RSF ძირითადად სუდანელი არაბებისგან დაკომპლექტებული დაჯგუფებაა.

ელ-ფაშერის მიდამოებში სისხლით დასვრილი მიწა სატელიტის მიერ გადაღებულ ფოტოებშიც გამოჩნდა.

სუდანის მმართველმა და შეიარაღებული ძალების მეთაურმა, აბდელ ფათაჰ ალ-ბურჰანმა თქვა, რომ არმიამ ქალაქიდან სრულად გამოსვლა მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენის მიზნით გადაწყვიტა. ალ-ბურჰანმა შურისძიების პირობა დადო.

სუდანში დაპირისპირება, რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა, 2023 წლის აპრილში დაიწყო. ერთმანეთს ებრძვიან ყოფილი მოკავშირეები: სუდანის არმია, რომელსაც გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი მეთაურობს და სწრაფი რეაგირების ძალები (RSF), რომლის მეთაურიც მუჰამედ ჰამდან დაგლოა. წარსულში RSF-ს აქტიურად უჭერდა მხარს ვაგნერის ჯგუფი. გავრცელებული ცნობების მიხედვით, დაჯგუფებას მხარს უჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროები.

 

კომენტარები