ნაციონალური მოძრაობა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა. განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
"დღეს რეჟიმმა განაცხადა, რომ მათი კრიტიკა, მათ შორის, კრიტიკა უცხოელ პარტნიორებთან, ნებისმიერი შეხვედრა, საზღვარგარეთ ჩანიშნული ვიზიტი, აზრის გამოხატვა და სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს მოქალაქეების დაცვა კრიმინალი და დანაშაულია და ივანიშვილის რუსული რეჟიმის მხრიდან პატიმრობით ისჯება. ეს იმის ღია დასტურია, რომ ივანიშვილი საქართველოში დიქტატურის დამყარებას აპირებს, სადაც აკრძალული იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ ნებისმიერი თავისუფალი აზრის გამოხატვაც - სადაც გაუქმდება უნივერსიტეტები, თავისუფალი მედია, სამოქალაქო სექტორი და საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და თავისუფალი სახელმწიფო.
ასევე, პროკურატურის დღევანდელმა ბრიფინგმა აჩვენა, რომ ივანიშვილის რეჟიმს ერთადერთი რამის ეშინია - ეს არის ჩვენი ერთიანობა. დღეს ივანიშვილს არ ეშინია არცერთი პარტიის, არცერთი პოლიტიკური გაერთიანების, არცერთი პოლიტიკური ლიდერის და არცერთი პოლიტიკოსის, მაგრამ ძალიან ეშინია ჩვენი ერთიანობის [...] ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ციხეში მხოლოდ იმისთვის ტოვებენ, რომ რეჟიმის დამარცხების მიზნით, ჩვენ ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთიანობა ვერ შევძლოთ [...] ეს არის აბსურდულობის ის ფაზა, რომელშიც დიქტატურა შევიდა და ჩვენი ერთადერთი პასუხი ბრძოლა უნდა იყოს [...] ნაციონალური მოძრაობა ამ მოღალატეობრივი, დამნაშავე რეჟიმის დასასრულებლად ყველა, შიდა თუ საგარეო ფრონტზე ბრძოლას გააგრძელებს. ვიბრძოლოთ, სანამ ამის შესაძლებლობა გვაქვს და როგორც მზია ამაღლობელმა თქვა, სანამ გვიანი არ არის [...] გამარჯვებისთვის აუცილებელია ერთობა და ჩვენი პარტია ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს". - თქვა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
- რეჟიმმა ე.წ საბოტაჟის საქმეზე 8 ოპოზიციონერი ლიდერის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
- სააკაშვილი, გვარამია, მელია, ხოშტარია, ვაშაძე, ხაზარაძე, ჯაფარიძეები - ვის რას ედავებიან
საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. განცხადება ივანიშვილის გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ გააკეთა.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ, რომლებიც ისედაც საპატიმროში არიან, წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრას მოითხოვს.





