ე.წ. საბოტაჟის საქმე

ივანიშვილის ამოცანაა, ციხეში ჩასვას ხაზარაძე, ჯაფარიძე – დათუნაშვილი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

"ეს არის ივანიშვილის კიდევ ერთი მცდელობა საქართველოში დიქტატურის საბოლოოდ გაფორმების, რისთვისაც ის ცდილობს ველიდან გააქროს პოლიტიკოსები და სრულიად მოკლას პოლიტიკური პროცესი" - ამის შესახებ ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მისი პარტიის ლიდერების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუიკა ხაზარაძის მიმართაც. 

"ჩვენ ვხედავთ პროკურატურის აბსურდს - ზღაპრებს, ყველა სიტყვა ბრალდების არის უსაფუძვლო, სიცრუე და თითიდან გამოწოვილი - ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა ჩვენი პარტიის ლიდერების წინააღმდეგ.

ეს არის დანაშაული რომელსაც რეპრესიული რეჟიმი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ახორციელებს!

ივანიშვილის ამოცანაა კიდევ ერთხელ ციხეში ჩასვას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ამით გაანეიტრალოს ჩვენი ბრძოლა.

ივანიშვილის "რუსულმა ოცნებამ" პოლიტიკური პროცესის მოსპობა ვერ მოახერხა ვერაფრით - სავარაუდოდ არც იმ აბსურდის იმედი აქვს, რასაც პარტიების აკრძალვა ჰქვია - ამიტომ გადაწყვიტა ციხეში ჩასვას პოლიტიკა!

ვერც ერთი ბრალდება ვერ გააჩერებს ჩვენს პოლიტიკურ და სამართლებრივ წინააღმდეგობას ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

ეს ბრძოლა საქართველოს და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება.

"ძლიერი საქართველო-ლელო" იბრძოდა და გააგრძელებს ბრძოლას ყველა კონსტიტუციური, სამართლებრივი და პოლიტიკური გზით" - ამბობს დათუნაშვილი ბრიფინგზე.

საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. განცხადება ივანიშვილის გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ გააკეთა.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ, რომლებიც ისედაც საპატიმროში არიან, წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრას მოითხოვს. 

კომენტარები