ე.წ. საბოტაჟის საქმე

ესაა პასუხი ევროკომისიის უმძიმეს დასკვნაზე - კირთაძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

კოალიცია ცვლილებისთვის ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა. განცხადება გიორგი კირთაძემ გააკეთა.

"იმ ყველაფრის ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, რეჟიმი გადაწყვეტილებას იღებს, ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერების მიმართ მძიმე მუხლებით საქმე აღძრას. რეჟიმის გენერალური პროკურატურა სწორედ ამ საქმითაა დაკავებული. ჩვენ ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არის პასუხი ევროკავშირის გაფართოების კომისიის უმძიმეს დასკვნაზე.

ამით რეჟიმი ცდილობს, მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს უთხრას, რომ აქ ცვლილების შანსი არ არის. მათი გადმოსახედიდან, ამან ქართველ ხალხში უიმედობა უნდა გამოიწვიოს. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, უიმედობის ნაცვლად ეს ბრძოლის უფრო დიდ მოტივაციას გამოიწვევს და ჩვენ შევძლებთ ერთიანი, ძლიერი წინააღმდეგობის, დემოკრატიული ფრონტის შექმნას. ყველას, ვისთვისაც ცხადია, რომ: ქვეყანას რეჟიმი მართავს; რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია და გადის ქუჩის აქციებზე, მტკიცე და მძლავრ წინააღმდეგობაზე; ამ ქვეყანას მომავალი აქვს და ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოება და კეთილდღეობაა, გთხოვთ, საბოლოოდ უნდა შევქმნათ ერთიანი წინააღმდეგობის დემოკრატიული ფრონტი.

დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და შედეგიც მალე იქნება - და ეს იქნება მთავარი ფრონტი, რომლის წინააღმდეგაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი ზუსტად ისე დამარცხდება, როგორც ამ ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმი დამარცხდა". - თქვა კირთაძემ კოალიციის სახელით გამართულ ბრიფინგზე.

საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. განცხადება ივანიშვილის გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ გააკეთა.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ, რომლებიც ისედაც საპატიმროში არიან, წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრას მოითხოვს. 

კომენტარები