საქართველო-რუსეთი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თვლის, რომ საქართველო მოსკოვის თანამოაზრეა

ალექსეი შევცოვი  

ფესტივალ "რუსეთისა და დსთ-ს ერებზე" სიტყვით გამოსვლის დროს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ალექსეი შევცოვმა თქვა, რომ BRICS-ის, დსთ-სა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნები იზიარებენ რუსეთის მისწრაფებას, დაიცვან "ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ღირებულებები". რუსეთის თანამოაზრეებზე საუბრის დროს შევცოვმა ახსენა საქართველოც.

შევცოვის თქმით, რუსეთის პრიორიტეტია, რომ "ტრადიციული ღირებულებების" მცველის იმიჯი განავითაროს.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნების ერები განსხვავებულები არიან, ბევრი რამ გვაერთიანებს. პირველ რიგში, ეს არის ერთგულება ჩვენი ტრადიციულ სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებისადმი. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკურ საქმიანობაში არის, განვავითაროთ რუსეთის ფედერაციის, როგორც ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ღირებულებების შემნახაველისა და მცველის ხატი. და ამაში, როგორც უკვე ვამბობდი, ბევრი თანამოაზრე გვყავს. ესენი არიან როგორც დსთ-ს, ისე BRICS-ისა და ОДКБ-ს ქვეყნები. ისინი ასევე იზიარებენ ჩვენს მიდგომებს." - თქვა შევცოვმა. 

თანამოაზრე ქვეყნებზე საუბრის დროს შევცოვი შეეხო სამხრეთ კავკასიას, მათ შორის საქართველოს. მისი მტკიცებით, სამხრეთ კავკასიისა და დსთ-ს ქვეყნები დასავლური წნეხის ქვეშ არიან.

"სომხეთთან მუდამ გვაკავშირებდა სულიერი ერთობა, ერთნაირი მიდგომა მორალისა და ზნეობრიობის მიმართ, საზოგადოების ცხოვრებაში ტრადიციული ოჯახური ღირებულებების როლის დაკნინების დაუშვებლობა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და სომხური სამოციქულო ეკლესია ერთად ეწინააღმდეგებიან რიგი დასავლური ქვეყნების მიერ ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ღირებულებების დისკრედიტაციის მცდელობებს...

საქართველოში ხელისუფლებამ გამონახა შესაძლებლობა და ძალა, უკუექცია ტრადიციულ წესრიგზე თავდასხმა, კავკასიელი ხალხებისთვის აბსოლუტურად შეუთავსებელი ფსევდოღირებულებების, როგორიცაა ლგბტ, ჩანერგვა. აზერბაიჯანში ოჯახის ინსტიტუტი გახლავთ ეროვნული მენტალიტეტის ოფიციალური იდეოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი. ერთნაირსქესიანთა ქორწინება არ რეგისტრირდება, არ არის აღიარებული კანონის მიერ." - თქვა შევცოვმა.

შევცოვის აზრით, "ტრადიციული ღირებულებების დასაცავი" რუსული კანონმდებლობა გამოყენებული უნდა იყოს "დსთ-ს სივრცეშიც". მან საქართველო კიდევ ერთხელ ახსენა, როცა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შემზღუდავ კანონებზე საუბრობდა.

"პირველ რიგში, ეს საკანონმდებლო გამოცდილებაა. ჩვენი ქვეყნის ძირითად კანონებში, როგორიცაა კონსტიტუცია და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, აღნიშნულია ტრადიციული ღირებულებებისადმი ერთგულება. არსებობს ცალკეული კანონებიც. მაგალითად, არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობის უკეთ მოწესრიგების შესახებ კანონები. სხვათა შორის, როცა ყირგიზეთსა და საქართველოში არაკომერციული ორგანიზაციების (რედ. - არასამთავრობო ორგანიზაციები) საქმიანობის მოწესრიგების კანონებს იღებდნენ, ის ადამიანები, რომლებიც დასავლეთისგან ფინანსდებოდნენ, ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდნენ ამას." - თქვა შევცოვმა.

 
 
 

კომენტარები