რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

CNN: პენტაგონმა თეთრ სახლს Tomahawk-ების მიწოდების ნება დართო, გადაწყვეტილება ტრამპის მისაღებია

როგორც გამოცემა CNN ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, პენტაგონმა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრამდე თეთრ სახლს მიაწოდა დასკვნა, რომ უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემა ამერიკულ მარაგებზე უარყოფითად არ აისახება. გამოცემა აღნიშნავს, რომ, შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება ტრამპმა უნდა მიიღოს. 

CNN ევროპელ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეფასებამ ევროპელ მაღალჩინოსნებს იმედი მისცათ. ამასთან, ზელენსკისთან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ს "ბევრი Tomahawk-ი" ჰქონდა", რომელთა მიცემაც უკრაინისთვის შეეძლო. 

თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ტრამპმა პუტინთან სატელეფონო ზარის შემდეგ ზელენსკისთან შეხვედრის დროს თქვა, რომ უკრაინისთვის რაკეტების მიწოდება არ სურს, რადგან "არ უნდათ, რომ გასცენ რაღაცები, რაც თავიანთი ქვეყნის დასაცავად სჭირდებათ".

როგორც აქამდე CNN წერდა, რომ ტრამპს სატელეფონო საუბრის დროს უთხრა, რომ უკრაინას Tomahawk-ებით მსხვილ რუსულ ქალაქებზე, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე შეეძლო იერიშის მიტანა, რასაც საომარ ველზე დიდი შედეგი არ ექნებოდა, თუმცა აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებს დააზიანებდა. 

როგორც მაღალჩინოსნებმა გამოცემასთან თქვეს, მართალია, პენტაგონს მარაგებთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, თუმცა რამდენიმე ოპერაციული საკითხი უნდა გაირკვეს, სანამ უკრაინა რაკეტების ეფექტიან გამოყენებას შეძლებს.  CNN წერს, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ როგორ შეიძლება გაიწვრთნას უკრაინული ძალები და როგორ გამოიყენებს უკრაინული მხარე Tomahawk-ის რაკეტებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ Tomahawk-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს ჩვეულებრივ წყალქვეშა ნავებიდან ან ხომალდებიდან უშვებენ, თუმცა უკრაინის ფლოტი საკმაოდ დასუსტებულია და რაკეტების მიწოდების შემთხვევაში სავარაუდოდ საჭირო იქნება, რომ უკრაინამ ისინი ხმელეთიდან ისროლოს. CNN ასევე წერს, რომ აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს სახმელეთო სარაკეტო გამშვებები აქვთ შემუშავებული, რომლებიც უკრაინას შეიძლება გადასცენ. 

CNN-ის მიხედვით, ევროპელ მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ აშშ გამშვებების მიწოდებაზე უარს იტყვის, უკრაინა გამოსავლის მოფიქრებას შეძლებს. გამოცემასთან საუბრისას ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ უკრაინელმა ინჟინრებმა გაერთიანებული სამეფოს მიერ მიწოდებული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტის გამოსაყენებლად გზა მონახეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი NATO-ს თანამედროვე თვითმფრინავებისთვის არის განკუთვნილი და არა - უკრაინის საბჭოთა დროინდელი საჰაერო ძალებისთვის. 

გასულ კვირას გამოქვეყნებულ პოსტში ზელენსკი წერდა, რომ უკრაინა წლის ბოლომდე თავისი შორი მოქმედების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად, რათა ომი მათთვის სამართლიანად დასრულდეს.

"გლობალური სანქციები და ჩვენი მაქსიმალური სიზუსტე ფაქტობრივად თანხვედრაში მოდის ერთმანეთთან, რათა ეს ომი უკრაინისთვის სამართლიანი პირობებით დასრულდეს. ყველა ღრმა შეღწევის იერიშის სამიზნე წლის ბოლომდე სრულად უნდა შესრულდეს, მათ შორის, ჩვენი შორი მოქმედების შესაძლებლობების გაფართოება". - წერდა ზელენსკი.

აქამდე, CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპს უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სრულად არ გამოურიცხავს და ადმინისტრაციას გეგმები აქვს შედგენილი იმ შემთხვევისთვის, თუკი ტრამპი შესაბამის განკარგულებას გასცემს. 

ამასთან, 22 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას, Lukoil-სა და Rosneft-ს სანქციები დაუწესა.

"გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი პუტინი უარს ამბობს დაასრულოს ეს უაზრო ომი, სახაზინო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, რომლებიც კრემლის ომის მანქანას აფინანსებენ. თუ საჭირო იქნება, დეპარტამენტი მზად არის მიიღოს დამატებითი ზომები, რათა ხელი შეუწყოს პრეზიდენტი ტრამპის ძალისხმევას კიდევ ერთი ომის დასასრულებლად. მოვუწოდებთ ჩვენ მოკავშირეებს, შემოგვიერთდნენ და დაემორჩილონ ამ სანქციებს". – თქვა სახაზინო დეპარტამენტის მინისტრმა, სკოტ ბესენტმა.

კომენტარები