ბრიტანული გამოცემა BBC ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს - "საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის სანახაობრივი დაცემა, რომელსაც ბინაში $6.5 მილიონის ქონა ედება ბრალად".
გამოცემა წერს, რომ გუშინ ღარიბაშვილი სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით წარსდგა და ბრალი აღიარა. BBC აღნიშნავს, რომ ეს შოკისმომგვრელი მოვლენაა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის, რომელიც საქართველოს დე ფაქტო ლიდერად ფართოდაა მიჩნეული, ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირისათვის.
BBC იუწყება, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების სერიას მიეკუთვნება, თუმცა, ღარიბაშვილის საქმე საქართველოს მმართველი ელიტის მაღალი რანგის წევრის დევნის პირველ შემთხვევას წარმოადგენს და ის მმართველი პარტიის მიერ დასავლეთისგან ავტორიტარულ შებრუნებას ემთხვევა.
"ბოლო წლებში ის [ღარიბაშვილი] საქართველოს ევროკავშირიდან დისტანცირების პოლიტიკას ხელმძღვანელობდა" - ნათქვამია სტატიაში.
ექსპრემიერს პროკურატურამ ბრალდება 24 სექტემბერს წარუდგინა. უწყების ცნობით, ღარიბაშვილი, ბრალდებას ეთანხმება.
ივანიშვილის გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ღარიბაშვილი "ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს" და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების ჩატარების შედეგად ამოიღეს ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.
ივანიშვილის გენერალური პროკურორის თქმით, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკები 17 ოქტომბერს ჩატარდა.
რამდენიმე დღეში დააკავეს სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე. 23 ოქტომბერს კი დააკავეს ასევე ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, მისი ნათესავი ანდრია ლილუაშვილი.





