ბოლო პერიოდში საზღვაო ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის ფარგლებში აშშ-ს სამხედრო ძალებმა წყნარ ოკეანეში მცურავ მეორე ნავს დაარტყეს, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციის ცნობით, ნარკოტიკები გადაჰქონდა.
''22 ოქტომბერს მიტანილი იერიშის დროს არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა, ხოლო იერიშს ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი სამი პირი ემსხვერპლა. ეს მოხდა ერთი დღის შემდეგ, რაც ამერიკის წინა დარტყმას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მიიჩნევა, რომ ორივე ხომალდს საერთაშორისო წყლებში, ცნობილი კონტრაბანდისტული მარშრუტების გავლით ნარკოტიკები გადაჰქონდა,'' განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა.
ცნობისთვის, 2 სექტემბრის შემდეგ ეს უკვე მეცხრე დარტყმაა აშშ-ს სამხედრო ძალების მხრიდან ნარკოტიკების გადამტან ნავებზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი შვიდი იერიში აშშ-მ კარიბის ზღვაში მიიტანა, ბოლო ორი კი - წყნარ ოკეანეში, რითაც ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ წამოწყებულმა კამპანიამ ახალ მასშტაბებზე გადაინაცვლა.
"ეს იერიშები ყოველდღიურად გაგრძელდება. ისინი უბრალოდ ნარკოტიკების გადამტანები არ არიან, ისინი არიან ნარკოტერორისტები, რომლებსაც ჩვენს ქალაქებში სიკვდილი და განადგურება მოაქვთ," დაწერა ჰეგსეთმა X-ზე და თან ცეცხლმოკიდებული ნავის ვიდეო გაავრცელა.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას აქვს სამართლებრივი უფლებამოსილება, საერთაშორისო წყლებში ნავების დაბომბვა გააგრძელოს. თუმცა, ტრამპმა ასევე დაამატა, რომ ხმელეთზე იერიშების მიტანის შემთხვევაში, ის კონგრესს მიმართავს.
"ჩვენ ამის უფლება გვაქვს და თუ მოქმედებას ხმელეთზე გადავწყვეტთ, შესაძლოა, კონგრესს მივმართოთ," განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს 22 ოქტომბერს.





