ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე

"მეორე მხარისთვის არ მოგისმენიათ" - ადვოკატის თქმით, ღარიბაშვილი თავად "ახსნის ყველაფერს"

"არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს კორუფციის აღიარებას, ეს არის აბსოლუტურად სხვა დეფინიცია" - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი TV პირველთან სატელეფონო საუბარში, სუს-ის 22 ოქტომბრის ბრიფინგთან დაკავშირებით. ის ასევე ამბობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა, მისი თქმით, უახლოეს დღეებში, ირაკლი ღარიბაშვილი "დეტალურად" ისაუბრებს.

კითხვაზე, რაზე ითანამშრომლა სუს-თან, ჩვენება მისცა ვინმეს წინააღმდეგ" - ლილი გელაშვილი ამბობს, რომ "გამოვრიცხავ, გამოვრიცხავ. ამასთან დაკავშირებით, უახლოს დღეებში თვითონ ირაკლი ღარიბაშვილი გააკეთებს განცხადებას, გვქონდეს ამის მოლოდინი და დეტალურად ახსნის ყველაფერს".

ადვოკატის მტკიცებითვე, ყოფილი პრემიერი გამოკითხვაზე დღეს პირველად იმყოფებოდა.

"თავად დეტალურად ახსნის, რა იყო, რა არ იყო, რა ამოიღეს და რა არ ამოიღეს, რა არის ნაჩვენები, რაც საერთოდ სიმართლეს არ შეესაბამება, რა ხდება და როგორ ხდება, ამას გაეცემა პასუხი და ის, რაც ნაჩვენები იყო, მერწმუნეთ, არ შეესაბამება სიმართლეს [...] არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს კორუფციის აღიარებას, ეს არის აბსოლუტურად სხვა დეფინიცია, ამიტომ გეუბნებით, ამასთან დაკავშირებით, ერთია, რაც განაცხადეს ბრიფინგზე და მეორე მხარე არ მოგისმენიათ" - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი.

ივანიშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის, ემზარ გაგნიძის ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოკითხეს.

"მან სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.

შესაბამისად, მომდევნო დღების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას" - განაცხადა გაგნიძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.

მან არ უპასუხა შეკითხვას, დაკავებულია თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების ჩატარების შედეგად ამოიღეს ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.

ივანიშვილის გენერალური პროკურორის თქმით, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკები 17 ოქტომბერს ჩატარდა.

კომენტარები