ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ფორმულას ჟურნალისტების დაკავებას ეხმაურება, ორგანიზაციის განცხადებით დაკავებების სერია აჩენს ეჭვს, რომ ქართული ოცნების ამოცანა ფორმულას ფუნქციონირების შეფერხებაა.
"ქარტია მოუწოდებს შსს-ს, შეწყვიტოს ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტების დევნა და სამივე დაკავებული ჟურნალისტი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს
პოლიციამ დღეს, 21 ოქტომბერს, ტელეკომპანია ფორმულას უკვე მესამე ჟურნალისტი, ცირა ჟვანია, დააკავა მშვიდობიანი შეკრების საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებით სარგებლობის გამო. პოლიცია მასაც, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვას ედავება.
დაკავებების სერია აჩენს ეჭვს, რომ ტელეკომპანია ფორმულა მიზანშია ამოღებული და "ქართული ოცნების“ ამოცანა მისი ფუნქციონირების შეფერხებაა.
19 ოქტომბერს ტელეკომპანია ფორმულას საღამოს გადაცემების წამყვანი ვახო სანაია, ხოლო 20 ოქტომბერს დღის გადაცემის წამყვანი ქეთა ციცქიშვილი დააკავეს. დღეს სოციალური მედიაზე მომუშავე ჟურნალისტის ჯერი დადგა. სასამართლომ ვახო სანაიას ექვსი, ქეთა ციცქიშვილს კი ხუთი დღით პატიმრობა მიუსაჯა. ამ "დანაშაულის“ განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მათ ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ქართული ოცნება ვეღარ ფარავს აგრესიას კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მიმართ და მათთვის სხვადასხვა გზით ზიანის მიყენებას ცდილობს.
ქართულმა ოცნებამ მოახდინა საკანონმდებლო პროცესის ინსტრუმენტალიზაცია ოპონენტების დასათრგუნად და მისი მორჩილი პოლიცია და სასამართლო კორპუსი დიდი ენთუზიაზმით შეუდგა ახლად მიღებული უსამართლო კანონების აღსრულებას.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ქართული ოცნების მავნებლურ, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისკენ მიმართულ პოლიტიკას, და ვახო სანაიასთან, ქეთა ციცქიშვილთან და ცირა ჟვანიასთან ერთად სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს, ვისაც კი ქართული ოცნების რეპრესიები ამა თუ იმ ფორმით შეეხო." - წერია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, დააკავეს ფორმულას კიდევ ერთი ჟურნალისტი, ცირა ჟვანია.
გზის გადაკეტვისთვის დაკავებულ ქეთა ციცქიშვილს, 20 ოქტომბერს, 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ვახო სანაიას, რომელიც ასევე გზის გადაკეტვისთვის დააკავეს, 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.





