ავღანეთმა და პაკისტანმა 19 ოქტომბერს განაცხადეს, რომ დოჰაში გამართული მოლაპარაკებების დროს დაუყოვნებელ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა X-ზე დაწერა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება "დასრულებულია" და დაამატა, რომ ორივე მხარე 25 ოქტომბერს სტამბოლში ერთმანეთს კვლავ შეხვდება.
თალიბანის სპიკერის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის თქმით, მხარეები ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც თურქეთთან ერთად მოლაპარაკებებს შუამავლობდა, განაცხადა, რომ შემდგომი შეხვედრები ცეცხლის შეწყვეტის მდგრადობისა უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
პაკისტანსა და ავღანეთის შეტაკებებს სასაზღვრო ხაზთან ათობით ადამიანი ემსხვერპლა.
17 ოქტომბერს ქვეყნების საზღვარზე სავარაუდოდ ავღანელმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 7 პაკისტანელი სამხედრო დაიღუპა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პაკისტანი და ავღანეთის თალიბანის ადმინისტრაცია ცეცხლის დროებით, 48 საათით, შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
პაკისტანსა და ავღანეთს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ისლამაბადმა თალიბანს მოსთხოვა, ზომები მიეღოთ იმ მებრძოლების წინააღმდეგ, რომლებმაც პაკისტანში თავდასხმები გააძლიერეს და რომლებიც, პაკისტანის თქმით, ავღანეთს აფარებენ თავს.
გავრცელებული ცნობებით, ავღანეთის თალიბანის ძალები პაკისტანის სასაზღვრო პუნქტებს დაესხა თავს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას პაკისტანმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საჰაერო იერიში მიიტანა.





