4 ოქტომბრის საქმე

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 16 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 16 პირს ბრალი წაუყენა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 16 დაკავებულიდან 14 პირს, პროკურატურა სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 19-222-ე მუხლით ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას გულისხმობს.

"საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 16 პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინგან საქმეთა სამინისტროში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ იური ლომიძემ, გიორგი ტალახაძემ, დავით გიუნაშვილმა, თემურ ქურციკიძემ, გენადი კელუხშაშვილმა, დათო ღურწკაიამ, რამაზ ჯორბენაძემ, ჯანდრი თირქიამ, გია თოლორაიამ, გური ჟვანიამ, კახაბერ კვაჭანტირაძემ, სიმონ მახარაძემ, ავთანდილ თოფჩიშვილმა, მიხეილ თოლორაიამ სხვა პირებთან ერთად ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და ეზოში შეიჭრნენ.

შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცავების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, ბრალდებულების ნაწილი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და სხვადასხვა საგნებს ესროდა სამართალდამცავებს, რომლებიც ათნელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებს, სხვადასხვა საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, გია თოლორაიას, გური ჟვანიას, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

თემურ ქურციკიძეს, გენადი კულიხაშვილს, დათო ღურცკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინათ, ასევე 225 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას  და სტრატეგიული და განსაკუთრებული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას გულისხმობს - სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - ნათქვამია განცხადებაში.
 

კომენტარები