ირაკლი კობახიძის თქმით, სკოლები შესაძლოა 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე გადავიდნენ. TV IMEDI-ს ეთერში კითხვაზე - შეუქმნის თუ არა ეს პრობლემას მოსწავლეებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ, კობახიძე პასუხობს, რომ ხელისუფლებას უნდა "ქართველი ახალგაზრდები დარჩნენ საქართველოში და აქ მიიღონ მაღალი დონის განათლება".
"ჩვენ გვინდა, რომ ქართველი ახალგაზრდები დარჩნენ საქართველოში და აქ მიიღონ მაღალი დონის განათლება. რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს, ქართველები მრავლად წავიდნენ ქვეყნიდან? ბუნებრივი მოვლენაა, როდესაც ახალგაზრდები მიდიან საზღვარგარეთ სასწავლებლად, მითუმეტეს პირველი კურსიდან, მათი დიდი ნაწილი რჩება საცხოვრებლად საზღვარგარეთ. რატომ უნდა წავახალისოთ ხელოვნურად მიგრაცია?
თუმცა, ჩვენ არანაირ ბარიერს არ ვქმნით. თუ ვინმეს უნდა მეთორმეტე წლის დახურვა, შეიძლება ქვეყანაშიც კი შევქმნათ ამის შესაძლებლობა და ეს განხილვას ექვემდებარება, თუ არადა ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა, საზღვარგარეთ დახუროს მეთორმეტე კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა უმაღლესი განათლების დონეზე" - ამბობს კობახიძე.





