ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ვენეციის კომისიის ბოლო ანგარიში ქართული ოცნების მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებზე, "ყველაზე კარგი მაგალითია, რომ ვენეციის კომისია იქცა პოლიტიკური დასკვნების შემდგენლად და არა სამართლებრივის".
ჟურნალისტის შეკითხვაზე "არ გააუქმებთ ამ კანონებს?" პაპუაშვილმა უპასუხა: - არა, რა თქმა უნდა.
"სამწუხაროდ ვენეციის კომისიამ აბსოლუტურად შეცვალა საკუთარი პრაქტიკა უკვე რამდენიმე წელია. მანამდე, ვენეციის კომისას ჰქონდა მკაფიოდ სამართლებრივი დასკვნები და ბოლო რამდენიმე წელია, ვხედავთ, რომ ეს არის პოლიტიკური დასკვნები და პოლიტიკური ანგარიში.
ეს დასკვნა და ანგარიში არის ყველაზე კარგი მაგალითი, რომ ვენეციის კომისია იქცა პოლიტიკური დასკვნების შემდგენლად და არა სამართლებრივის.
მაგალითად, როცა საუბრობენ FARA-ზე, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, იმასაც ვერ ბედავენ, რომ თქვან ამერიკაში რომ მოქმედებს კანონის უზენაესობას ეწინააღდმგებაო - ამერიკას ვერ უბედავს ვენეცია. იქ კი არისო, მაგრამ ჩვენ საქართველოში რომ მოქმედებს, იმაზე ვამბობთო - იმდენ მაინც ეყოთ სითამამე, რომ თქვან, ამერიკაში რაც მოქმედებს, ის ეწინააღდმეგება კანონის უზენაესობასო". - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
15 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ, ვენეციის კომისიამ ქართული ოცნების მიერ მიღებულ, "სიტყვა-სიტყვით ნათარგმნ" "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტსა" და ბოლო პერიოდში მიღებულ სხვა კანონმდებლობებზე კრიტიკული შეფასება გამოაქვეყნა.





