ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ, ვენეციის კომისიამ ქართული ოცნების მიერ მიღებულ, "სიტყვა-სიტყვით ნათარგმნ" "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტსა" და ბოლო პერიოდში მიღებულ სხვა კანონმდებლობებზე კრიტიკული შეფასება გამოაქვეყნა.
"ქართული FARA" - ტერმინების სიზოგადე, არაპროპორციული სასჯელი, მიკერძოებული ანტიკორუფციული ბიურო და კანონის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა
შეფასების დასკვნაში აღნიშნულია, რომ ტერმინები: "უცხოური პრინციპალი", "უცხოური პრინციპალის აგენტი" და "პოლიტიკური საქმიანობა" არაცხადია და მათი "სიცხადისა და სიზუსტის ნაკლებობა ძირს უთხრის განჭვრეტადობასა და სამართლებრივ განსაზღვრულობას". ასევე ხაზგასმულია, რომ კანონის სიზოგადე "საშუალებას იძლევა განურჩევლად იყოს გამოყენებული, ადამიანთა ფართო სპექტრზე, იმისდა მიუხედავად, არსებობს თუ არა რეალური აგენტური კავშირი უცხოელ აქტორთან, რაც არ არის არც აუცილებელი და არც პროპორციული". აღნიშნულია, რომ "უცხოური პრინციპალის აგენტის" იარლიყი არის "თავისი არსით სტიგმატიზაციის გამომწვევი და ზღუდავს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას."
ვენეციის კომისიის მიხედვით, "უცხოური პრინციპალის აგენტებისთვის" დაწესებული ვალდებულებები, რაც მოიცავს მუდმივი ანგარიშების წარდგენასაც, არის "ფორმირებული ფართო და გაურკვეველი სახით," რაც "წარმოადგენს შემზღუდველ და არაპროპორციულ ტვირთს, რომელიც სამოქალაქო ჩართულობის წახალისებას ზღუდავს". დამატებულია, რომ აღსრულების ძალაუფლება არის ანტიკორუფციული ბიუროს ხელში, რომელსაც "არ აქვს დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალურობის საკმარისი გარანტიები".
ტექსტში აღნიშნულია, რომ დანაშაულად შესაძლოა მოიაზრებოდეს ქმედებათა ფართო სპექტრი, სასჯელი კი არაპროპორციულია, რაც კანონის ბოროტად გამოყენების საფრთხეს აჩენს.
"დანაშაულის აღწერის ფართო ფორმულირებები იძლევა თავისუფალი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და აკლიათ საჭირო განჭვრეტადობა და გამართლება, მაშინ, როცა მკაცრი სასჯელი პროპორციულობის სტანდარტს არ აკმაყოფილებს. ბუნდოვანი მუხლების, ფართო უფლებამოსილებისა და არასაკმარისი გარანტიების ერთობლიობა ქმნის თვითნებობის, შერჩევითი სამართალისა და პოლიტიკური მიზნით ბოროტად გამოყენების საფრთხეს." - წერია შეფასებაში.
"ქართულ FARA-სთან" დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, აღნიშნულია, რომ ის ქმნის "კანონის უზენაესობის, სამოქალაქო სივრცისა და დემოკრატიული თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრის საფრთხეს." დამატებით, ნათქვამია, რომ მისი უცხოური გამჭვირვალობის კანონის პარალელურად მიღება, იწვევს გაურკვევლობას. ვენეციის კომისია ამ კანონის ჩანაცვლების რეკომენდაციას გასცემს.
"ვენეციის კომისიის მიერ უცხოური გამჭვირვალობის კანონის წინა რეკომენდაციის შესაბამისად, რეკომენდირებულია ქართული FARA-ს გაუქმება." - წერია დასკვნაში.
გრანტების კანონში შეტანილი შესწორებები - ფართო სივრცე დისკრიმინაციული გამოყენებისთვის
ვენეციის კომისია გრანტების კანონთან დაკავშირებით წერს, შეტანილ შესწორებებს, უცხოური გრანტების მისაღებად მთავრობის თანხმობის შესახებ, პროპორციულობისა და აუცილებლობის თვალსაზრისით აკლია გამართლების საფუძველი. აღნიშნულია, რომ ეს შესწორებები არ განმარტავს უცხოური გრანტის მიღებაზე უარის თქმის მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს და "არ შეიცავს სათანადო გარანტიებს, რის შედეგადაც რჩება ფართო სივრცე თვითნებური ან დისკრიმინაციული გამოყენებისთვის."
"ბიუროს საგამოძიებო და აღსრულების გადაჭარბებული ძალაუფლება, მათ შორის დაუყოვნებელი კონფისკაციის ბრძანების გაცემის ძალა, შეზღუდულ პროცედურულ ვადებთან და არაპროპორციულ სასჯელებთან ერთად, კიდევ უფრო უთხრის ძირს სამართლიანობისა და სათანადო სამართლებრივი პროცესის პრინციპებს." - წერია შეფასებაში.
ვენეციის კომისიის შეფასებით, საჭიროა ამ ცვლილებათა გაუქმება, ან, სულ მცირე შემთხვევაში, საფუძვლიანი გადახედვა.
"ამ ხარვეზების გათვალისწინებით, რეკომენდებულია აღნიშნული ცვლილებების გაუქმება. მინიმუმ კი საჭიროა მათი საფუძვლიანი გადახედვა, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ნებისმიერი შეზღუდვა იყოს აუცილებელი, პროპორციული და მკაფიოდ განსაზღვრული და მას ახლდეს ძლიერი საპროცესო და სასამართლო გარანტიები."
მაუწყებლის კანონის ცვლილებები - განურჩევლობა რეალურად სახიფათო და ჟურნალიზმის მხარდამჭერ დაფინანსებებს შორის
"რაც შეეხება მაუწყებლობის კანონს, ცვლილებებით განსაზღვრულია მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების სრული აკრძალვა, ისე, რომ "უცხო ძალა" ძალიან ფართოდ არის განმარტებული. შეზღუდვა ვერ განასხვავებს დაფინანსებას, რომელიც რეალურად უქმნის საფრთხეს დემოკრატიულ მთლიანობას და დაფინანსებას, რომელიც ეხმარება ლეგიტიმურ ჟურნალიზმსა და სამოქალაქო აქტიურობას და არ განიხილავს ნაკლებად შემზღუდავ ალტერნატივებს. ეს ძირს უთხრის მედია პლურალიზმს და არ აკმაყოფილებს აუცილებლობისა და პროპორციულობის სტანდარტებს. შესაბამისად, რეკომენდირებულია ამ ცვლილების გაუქმება.
ცვლილებები პოლიტიკური გაერთიანებების კანონში - უცხოური დაფინანსების შეზღუდვის ნაწილი
რაც შეეხება ორგანულ კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, მისი ცვლილებები სრულად უკრძალავს პოლიტიკურ პარტიებს, მიიღონ არამატერიალური მხარდაჭერა, როგორიცაა უფასო ლექციები ან სემინარები საქართველოში ან საზღვარგარეთ მყოფი იურიდიული პირებისგან ან ასოციაციებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებების მიზანია არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, ეს უცხოური დაფინანსების ფართო შეზღუდვის ნაწილია. რადგან პოლიტიკური პარტიები თამაშობენ მთავარ როლს მმართველობაში, მსგავსი ზომები ეროვნული დისკრეციის დასაშვებ ფარგლებში ხვდება.
ვენეციის კომისიის დამატებითი რეკომენდაციები:
- შეიმუშავეთ სისტემური მიდგომა ერთდროულად მოქმედი და პარალელურად გამოყენებადი რამდენიმე საკანონმდებლო აქტის მიღებისგან თავის შესაკავებლად;
- შეამცირეთ მოქმედების სივრცე მნიშვნელოვანი ტერმინების მკაფიო განმარებებითა და აღმასრულებელი უწყებების დისკრეციის შეზღუდვით, რათა გარანტირებული იყოს კანონის გამოყენება მხოლოდ მაშინ, როცა ეროვნული უსაფრთხოების დემონსტრირებადი და სპეციფიკური საფრთხე არსებობს;
-
თავი აარიდეთ სტიგმატიზაციის გამომწვევი ტერმინოლოგიის, "უცხოური პრინციპალის აგენტის" ან ნებისმიერი ექვივალენტის, გამოყენებას და ამოიღეთ ნებისმიერი სახის ვალდებულება ინდივიდებისთვის ან ორგანიზაციებისთვის, გამოსახონ ან გამოაცხადონ ეს იარლიყი საკუთარ მატერიალებზე;
-
შეზღუდეთ [რედ. - აგენტად] გამოცხადებულ სუბიექტებზე დაწესებული ვალდებულებები მკაცრად საჭირო და პროპორციულ ზომებამდე, რათა მიღწეულ იქნას ლეგიტიმური მიზნები, ადმინისტრაციული ტვირთისა და არაპროპორციული შეზღუდვების თავის არიდებით;
-
უზრუნველყავით, რომ სასჯელი იყოს ცხადად განსაზღვრული, აუცილებელი და პროპორციული და ექნება თვითნებური აღსრულების შეზღუდვისა და სამართლებრივი განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის პრინციპების დაცვის გარანტიები;
-
დანერგეთ ძლიერი პროცედურული გარანტიები, მათ შორის დამოუკიდებელი აღსრულების ორგანოები, შეტყობინების ცხადი მოთხოვნები და ეფექტური საშუალებები ნებისმიერი გამოცხადების, ზომის ან სასჯელის გასაჩივრებისთვის.
ვენეციის კომისია ქართულ ოცნებას ასევე აძლევს რეკომენდაციას, რომ მომავალში საქართველოს კანონმდებლობის შემუშავებისა და მიღების პროცესი იყოს ინკლუზიური, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმურობა და ფართო საზოგადოების მიერ მიღება. კომისია გამოთქვამს წუხილს, რომ ქართულმა ოცნებამ არ მოინდომა ჩართული ყოფილიყო ამ მოსაზრების მომზადებაში. ვენეციის კომისია მზადაა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დახმარება გაუწიოს.





