რეჟიმის პატიმრის, საბა ჯიქიას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მომდევნო პროცესები 3 და 19 ნოემბერს გაიმართება, სადაც მხარეები შესავალ და დასკვნით სიტყვებს წარადგენენ. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
დღევანდელ პროცესზე საბა ჯიქიას ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა დარბაზის შეცვლა მოითხოვა, რადგან მისი თქმით, ის პატარაა და ჯიქიას ოჯახის წევრებმა და ნათესავებმაც კი ვერ მოახერხეს შესვლა. მოსამართლემ თქვა, რომ მომდევნო 2 სხდომა სხვა, დიდ დარბაზში ჩატარდება - მან განმარტა, რომ დღევანდელი სხდომის ყველაზე დიდ დარბაზში გადატანა ტექნიკურად შეუძლებელი იყო.
სააპელაციო სასამართლო განიხილავს როგორც საბა ჯიქიას ადვოკატის, ასევე პროკურატურის საჩივარსაც. ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმებას, დაცვის მხარე კი - ჯიქიას უდანაშაულოდ ცნობას ითხოვს.
ცნობისთვის, რეჟიმმა აქციების დროს დაკავებულ 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
ჯიქიას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. კერძოდ, პროკურატურის ვერსიის თანახმად, საბა ჯიქიამ 30 ნოემბერს, აქციაზე, გდდ-ს თანამშრომელს წიხლი ჩაარტყა.
საბა ჯიქია 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, მაშინ ის 18 წლის იყო.





