დღეს, 12 ოქტომბერს, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, მზია ამაღლობელსა და საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობას სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის Forum 2000-ის საერთაშორისო ჯილდო გადაეცა.
საერთაშორისო ჯილდო პრაღაში, Forum 2000-ის 29-ე კონფერენციის გამხსნელ ღონისძიებაზე წარადგინეს. განცხადებაში წერია, რომ დაკავებული ამაღლობელის ნაცვლად ჯილდო საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ღონისძიებას, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.
"წელს ჯილდო გადაეცა ქართულ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც ავტოკრატიისკენ ქვეყნის ეტაპობრივ სვლას ეწინააღმდეგება და მის ერთ-ერთ სიმბოლოს, მზია ამაღლობელს, პატივცემულ ჟურნალისტსა და დამოუკიდებელი ქართული მედიაპლატფორმების, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორს". - წერია განცხადებაში.
მანამდე, სექტემბერში Forum 2000-მა გაავრცელა განცხადება, რომ ოქტომბერში ამაღლობელს სიმამაცისთვისა და პასუხისმგებლობისთვის საერთაშორისო ჯილდოს გადასცემდნენ.
"2021 წელს Forum 2000-ის ფონდის მიერ დაარსებული ეს ჯილდო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისას გამორჩეულ სამოქალაქო სიმამაცეს აჯილდოებს". - წერია განცხადებაში.





