4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, ამირან დოლიშვილის ადვოკატის, მარიამ შათირიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ორბელიანების სასახლის ეზოსთან იმყოფებოდა და შიგნით არ შეჭრილა. ის ასევე ამბობს, რომ სპეცრაზმელმა დაკავების დროს დოლიშვილზე ფიზიკურად იძალადა.
"ჩემი ინფორმაციით, ის შიგნით არ შეჭრილა. ის ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა ეზოს შესასვლელთან.
ამირანი თავის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. იმ დროს სახლში მხოლოდ მისი არასრულწლოვანი, 12 წლის ძმა იმყოფებოდა. დაკავების დროს, ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. ის ამბობს, რომ ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა სახეში საკმაოდ მძიმედ დაარტყა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ეტაპზე მხოლოდ მისი ტელეფონია ამოღებული და სხვა დანარჩენს ვერ გეტყვით. მისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ, შესაბამისად, არ ვიცი, რა ქმედებას შეიძლება ედავებოდნენ". - ამბობს ადვოკატი.
შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე 46 პირია დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".
ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.
მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა.
მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი.
ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ , ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.
რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო დღეებში აიყვანეს აქციის მონაწილეებიც. ივანიშვილის პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ დაკავებულთა რიცხვი "მნიშვნელოვნად გაიზრდება".





