აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს, რომ ჩინურ ავიაკომპანიებს, რომლებიც აშშ-ს მიმართულებით და აშშ-დან ჩინეთის მიმართულებით ასრულებენ რეისებს, რუსეთის თავზე ფრენა აუკრძალოს.
ადმინისტრაციის შეფასებით, აღნიშნული პრაქტიკის შედეგად ფრენის დროის შემცირება ამერიკულ ავიაკომპანიებს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.
როგორც გამოცემა Reuters აღნიშნავს, ამერიკული ავიაკომპანიები დიდი ხანია აკრიტიკებენ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩინურ ავიაკომპანიებს საშუალებას აძლევს, აშშ-ს მარშრუტებისთვის რუსული საჰაერო სივრცე გამოიყენონ, რაც მათ უპირატესობას აძლევს ფრენის დროისა და საწვავის ხარჯების შემცირების სახით, რადგან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ს და სხვა დასავლურ კომპანიებს რუსეთის თავზე ფრენა ეკრძალებათ.
აშშ-ს ტრანსპორტის დეპარტამენტის ინიცირებულ წინადადებაში ხაზგასმულია, რომ ამჟამინდელი მდგომარეობა უსამართლოა და ნეგატიურად აისახება ამერიკულ ავიაკომპანიებზე. აშშ-ს ინიციატივა ვრცელდება ჩინური ავიაკომპანიების როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო რეისებზე.
დეპარტამენტი ჩინურ კომპანიებს პასუხისთვის ორდღიან ვადას აძლევს, საბოლოო განკარგულება კი შესაძლოა, ნოემბერში ამოქმედდეს.





