რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ქვეყნებს შორის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას იწყებენ

რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობას იწყებენ.

რუსეთის პრემიერმინისტრის, მიხაილ მიშუსტინის თქმით, საავტომობილო ხიდი მდინარე ტუმენზე არსებული სარკინიგზო ხიდის გვერდით აშენდება.

მიშუსტინის შეფასებით, ხიდის აშენება მოსკოვსა და ფხენიანს შორის არსებული ურთიერთობის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია და ცხადყოფს ორი ქვეყნის სწრაფვას თანამშრომლობის გაძლიერებისკენ.

რუსეთის პრემიერის თქმით, ხიდი სატვირთო გადაზიდვების მოცულობის არსებითად გაზრდისა და სატრანსპორტო ხარჯების შემცირების შესაძლებლობას შექმნის, ასევე, უზრუნველყოფს სხვადასხვა პროდუქციის სანდო და სტაბილურ მიწოდებას, რაც ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას ხელს შეუწყობს.

ხიდის აშენებაზე შეთანხმებას ქვეყნებმა 2024 წელს ჩრდილოეთ კორეაში ვლადიმირ პუტინის ვიზიტის დროს მიაღწიეს. პროექტის დასრულება 2026 წლის ზაფხულში იგეგმება. საავტომობილო ხიდის სიგრძე 850 მეტრი იქნება.


ჩრდილოეთ კორეა რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა უკრაინასთან ომში. ფხენიანის მიერ გაგზავნილი სამხედროები გასული წლის ნოემბერში უკრაინის წინააღმდეგ კურსკის მიმართულებით ბრძოლებში მონაწილეობდნენ. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა 10 თებერვალს კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა მხარდაჭერა რუსეთის მიმართ. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 5 ნოემბერს პირველად განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები პირველად დაუპირისპირდნენ კურსკის ოლქში გადასხმულ ჩრდილოეთკორეელთა დანაყოფებს. 

თუმცა, 21 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა  ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში ჯარების გადაყვანასთან დაკავშირებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

ორი დღის შემდეგ აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ. ამას გარდა, სამხრეთ კორეის პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 3 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინასთან ომში რუსეთის მხარდასაჭერად.

რადიო თავისუფლება რუსეთის სტატისტიკის ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2024 წელს რუსეთში ჩრდილოეთ კორეის 13 221 მოქალაქე შევიდა, რაც წინა წელზე თორმეტჯერ მეტია. აქედან, ნახევარზე მეტმა მიზეზად "განათლების მიღება" დაასახელა.

კომენტარები