ივანიშვილის პროკურატურამ, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ 13 პირს ბრალდება წარუდგინა.
ცამეტივე პირს ბრალდება ორი მუხლით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ.
პირველი მუხლი, რომელიც სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობას, ჩადენილი ჯგუფურად ითვალისწინებს, ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ხოლო, მეორე მუხლი, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ითვალისწინებს, ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია კიდევ 13 პირი: ბექა მაჭავარიანი, ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშიაშვილი, გიორგი რურუა, ვახტანგ ფიცხელაური, დავით სტურუა, მანუჩარ მიქელაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი, კახაბერ მჟავანაძე, თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, სერგო მეგრელიშვილი და დავით ჟღენტი. აღნიშნულ პირებს საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.
შსს-ში მიმდინარე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, ჯგუფურად სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, 4 ოქტომბერს, საღამოს საათებში, იერიში მიიტანეს, ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს დამცავი ღობე და შეიჭრნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში, შენობის ხელში ჩაგდების და ეზოში მობილიზებული სამართალდამცველების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, ბრალდებულები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას." - აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე თქმით, "ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები მიზანმიმართულად არბევდნენ, აზიანებდნენ და ცეცხლის წაკიდებით ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას. მათი მოქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სტრატეგიული ობიექტის - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის დამცავი ღობე. ასევე დაზიანდა და განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური და კერძო პირთა ქონება."
განცხადება პროკურატურის წარმომადგენელმა 5 დაკავებულზე - პაატა ბურჭულაძეზე, მურთაზ ზოდელავასა, ირაკლი ნადირაძეზე, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეზე საუბრით დაიწყო.
"საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს. კერძოდ, ბრალდებულები საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისაკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათი განცხადებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას, რისთვისაც საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მასობრივი ჩაბმის და გაერთიანების აუცილებლობაზე განცხადებებს აკეთებდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, ხუთივე ბრალდებულმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს და იმავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ გააცნო მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებები.
პაატა ბურჭულაძის მიერ დანაშაულებრივი გეგმის გაცხადების შემდეგ, მურთაზ ზოდელავამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები ერთობლივად გადაადგილებულიყვნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ, რომელსაც ძალის გამოყენებით დაიკავებდნენ და დაავალა მათ, არ დამორჩილებოდნენ სამართალდამცველებს. აღნიშნული მოწოდების შემდგომ ძალადობრივი მოქმედების ორგანიზატორები და მასში მონაწილე სხვა პირები, თავისუფლების მოედნიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ გაემართნენ. ორბელიანის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე, ჯგუფური ძალადობის მონაწილეები მძიმე საგნების გამოყენებით და ცეცხლის წაკიდებით, მიზანმიმართულად ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას, ნაწილს კი გზის სავალ ნაწილზე ბარიკადების მოსაწყობად იყენებდნენ, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ სამართალდამცველებისთვის და ხელი შეეშალათ მართლწესრიგის აღდგენისთვის.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა." - თქვა პროკურორმა.





