რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პესკოვის თქმით, რუსეთი EU-ში რუსი დიპლომატებისთვის გადაადგილების შეზღუდვას უპასუხებს

კრემლის პერსსპიკერი დმიტრი პესკოვი  
კრემლი  

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი ბრიუსელს შესაბამისად უპასუხებს, თუ რუს დიპლომატებს ევროკავშირში მოგზაურობა შეეზღუდებათ. 

პესკოვის შეფასებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსეთსა და ევროპას შორის "ახალ კედლებს აღმართავს".

"ჩვენი დიპლომატიური დეპარტამენტი წინადადებებს შეიმუშავებს და მოხდება მათი აღსრულება. საბოლოოდ, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ სამწუხაროდ, ევროპელები აქტიურად ცდილობენ ახალი გამყოფი კედლების აღმართვას" – ამბობს პესკოვი. 

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკავშირის მთავრობები ორგანიზაციის ფარგლებში რუსი დიპლომატებისთვის მოგზაურობის შეზღუდვაზე შეთანხმდნენ. FT-ს ცნობით, ეს ნაბიჯი პასუხია დივერსიულ მცდელობებზე, რომლებსაც, ევროპული სადაზვერვო სააგენტოების თქმით, ხშირად დიპლომატიური საფარქვეშ მოქმედი ჯაშუშები ხელმძღვანელობენ. 

წარდგენილი წესებით, ევროკავშირის ქვეყნებში მყოფი რუსი დიპლომატები ვალდებულები იქნებიან, სხვა ქვეყნების მთავრობებს მათი მოგზაურობის გეგმების შესახებ აცნობონ, სანამ მასპინძელი ქვეყნის საზღვრებს გადაკვეთენ და EU-ს სხვა ქვეყანაში გადავლენ. 

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული ინიციატივა, რომელსაც აქტიურად უჭერს მხარს ჩეხეთის რესპუბლიკა, ნაწილია მორიგი სანქციების პაკეტის, რომლის მიღებასაც ბრიუსელი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიანი თავდასხმის პასუხად აპირებს. 

ახალი სანქციების პაკეტის მისაღებად წევრი სახელმწიფოების მხრიდან ერთსულოვანი მხარდაჭერა იქნება საჭირო, თუმცა FT-ს წყაროების თქმით, უნგრეთმა, რომელიც ინიციატივის ბოლო მოწინააღმდეგე ქვეყანა იყო, უკვე უკან წაიღო თავისი ვეტო. 

ამის მიუხედავად, კანონის საბოლოოდ მიღება შესაძლოა, შეაფერხოს დავამ, რომელიც უკავშირდება ავსტრიის მცდელობას, დაამატოს დებულება, რომლითაც შესაძლებელი გახდება რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკასთან დაკავშირებულ აქტივებზე სანქციების მოხსნა, რათა ავსტრიულ ბანკ Raiffeisen-ს აუნაზღაურდეს ის ზარალი, რომლის გადახდაც რუსეთში მოუწია.

მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ, სულ მცირე, 12-მა ქვეყანამ გასულ კვირაში თქვა, რომ პაკეტის მიღებას მხარს არ დაუჭერდნენ, თუკი მასში ავსტრიის წინადადებაც იქნებოდა. საკითხზე მოლაპარაკებები 8 ოქტომბერსაც გაიმართება. 

ევროკავშირის ქვეყნების სადაზვერვო სააგენტოები ამბობენ, რომ დიპლომატიურ საფარქვეშ მყოფი რუსი ჯაშუშები ხშირად ოპერაციებისა და აგენტურის მართვას მასპინძელი ქვეყნის საზღვრებს მიღმაც ცდილობენ, რათა უკეთ შეძლონ კონტრდაზვერვის თავიდან არიდება. 

ჩეხეთის მთავრობა რუსი დიპლომატების წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესების ინიციატივას გასული წლის მაისიდან ლობირებდა. ამასთან, პრაღამ უკვე აუკრძალა ქვეყანაში შესვლა არაერთ რუს დიპლომატს, რომლებზეც ეჭვობდნენ, რომ სადაზვერვო საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი. თუმცა, ასეულობით რუსი დიპლომატი კვლავ აკრედიტებული რჩება მეზობელ ავსტრიაში, საიდანაც მათ ლეგალურად შეუძლიათ ჩეხეთის საზღვრის გადაკვეთა. 

კომენტარები