ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელმა ღაზისკენ დაძრულ გემებზე დაკავებული 170 პირი, მათ შორის გრეტა ტუნბერგი დაადეპორტა

ისრაელმა დაადეპორტა 170 აქტივისტი, რომელიც კვირას, ღაზისკენ დაძრულ გემებზე დააკავეს. დეპორტირებულთა შორის არის აქტივისტი გრეტა ტუნბერგიც. ჯამში, დაკავებული იყო 470 აქტივისტი. 

აქტივისტების დაკავების შესახებ ინფორმაცია 2 ოქტომბერს გავრცელდა. 

"ჰამას-სუმუდის ფლოტილიის უკვე რამდენიმე ნავი უსაფრთხოდ შეჩერდა და მათი მგზავრები ისრაელის პორტში გადაჰყავთ. გრეტა და მისი მეგობრები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან". - წერია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

დაკავების დაწყებამდე ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ღაზის სექტორთან მიახლოებული ფლოტილია გააფრთხილეს, რომ მიმართულება შეეცვალათ. 

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სამხედრო-საზღვაო ფლოტის ლეიტენანტი აქტივისტებს აფრთხილებს, რომ "ბლოკადირებულ ზონას უახლოვდებიან".

"თუ ღაზაში დახმარების მიტანა გსურთ, ამის გაკეთება დამკვიდრებული არხებით შეგიძლიათ. გთხოვთ, შეცვალოთ თქვენი კურსი აშდოდის პორტისკენ, სადაც დახმარება უსაფრთხოების შემოწმებას გაივლის და შემდგომ ღაზის სექტორში გადაიზიდება". - თქვა ლეიტენანტმა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ნავების დაკავების დაწყებისას ტერორისტებმა ღაზიდან აშდოდის მიმართულებით ხუთი რაკეტა ისროლეს, რომელთაგან ოთხი ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა მოიგერია, ერთი კი ღია სივრცეში დავარდა. შედეგად არავინ დაშავებულა.

ისრაელის მოწოდება, რომ აქტივისტებმა ღაზის სექტორს ჰუმანიტარული დახმარება ალტერნატიული არხების გამოყენებით მიაწოდონ, სხვა სახელმწიფოებმაც გაიმეორეს, მათ შორის, იტალიამ, რომელმაც ფლოტილიას საკუთარი ხომალდები ბლოკადირებულ ზონამდე მიაცილა. 

ცნობისთვის, 31 აგვისტოს, ბარსელონადან ღაზას მიმართულებით, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული რამდენიმე ნავი დაიძრა.

მანამდე, 9 ივნისს ისრაელმა დააკავა ნავი, რომელიც ისრაელის მიერ შემოღებული საზღვაო ბლოკადის გარღვევასა და ღაზის სექტორში ჩაღწევას ცდილობდა. ნავზე მყოფ 12 პირს შორის შვედი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი და ფრანგი ევროპარლამენტარი, რიმა ჰასანიც იყვნენ.

ნავი Madleen-ის საზღვაო მისია პროპალესტინური და ანტიისრაელური "თავისუფლების ფლოტილიის კოალიციის" მიერ იყო ორგანიზებული.

Madleen-ის დაკავების შემდეგ, ისრაელმა განაცხადა, რომ ნავზე მყოფი ყველა მგზავრის დეპორტაცია მოხდებოდა.

აქტივისტები ცდილობდნენ, რომ ღაზაში სიმბოლური რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარება ჩაეტანათ.

კომენტარები