6 ოქტომბერს პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IPI) ევროსაბჭოს შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ დაიწყო ივანიშვილის რეჟიმმა, "გრანტების შესახებ" კანონის მეშვეობით, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ინსპექციების ტალღა. შეტყობინების მიხედვით, ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან პასუხს 2026 წლის 6 იანვრამდე მოელიან.
"2025 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, საქართველოს ხელისუფლებამ გააძლიერა ინსპექციები სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ "გრანტების შესახებ" შესწორებული კანონის ფარგლებში, რომელიც 2025 წლის აპრილში მიიღეს. შესწორებები უცხოური დაფინანსების მისაღებად მთავრობის წინასწარ თანხმობას ითხოვს და რასაც აკრიტიკებენ, რადგან ეს სახელმწიფოს თვითნებური ჩარევის საშუალებას აძლევს." - წერია შეტყობინებაში.
IPI-ს განაცხადში ნახსენებია, რომ 8 სექტემბერს 30-მდე ორგანიზაციამ ივანიშვილის ანტიკორუფციული ბიუროსგან მოთხოვნა მიიღო მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით. შეტყობინებაში ასევე საუბარია ოქტომბერში ივანიშვილის ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან 60-ზე მეტი ონლაინმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზეც.
შეტყობინების მიხედვით, IPI მოელის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა უნდა შეწყვიტოს მედიის მხარდამჭერი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თვითნებური ინსპექცია, უკან უნდა გაიწვიოს 2025 წელს მიღებული შესწორებები "გრანტების შესახებ" კანონში, და უნდა შეწყვიტოს კანონის ბოროტად გამოყენება დამოუკიდებელი ჟურნალიზმის დაშინების მიზნით.
"კანონები, რომლებიც გრანტებსა და უცხოურ დაფინანსებას არეგულირებენ, უნდა იყოს გამჭვირვალე და შეესაბამებოდეს შეკრებისა და გამოხატვის შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს." - წერია შეტყობინებაში.





