რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი და ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში, კირილ დმიტრიევი საქართველოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს "მემარცხენეებსა და გლობალისტებს" აბრალებს. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.
დმიტრიევი ირწმუნება, რომ 4 ოქტომბრის აქცია და აშშ-ში, ორეგონში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამართული აქცია ერთი "სახელმძღვანელოთია" დაგეგმილი.
"ერთი და იგივე სახელმძღვანელო, რომელსაც მემარცხენეები და გლობალისტები განმეორებითად იყენებენ ძალადობრივი პროტესტების წასახალისებლად, ხელისუფლებებისთვისა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოსათხრელად. ამჟამად ანხორციელებენ თბილისში, საქართველოში და პორტლენდში, ორეგონში." - დაწერა დმიტრიევმა.
პორტლენდში დემონსტრანტები ემიგრაციისა და საბაჟო აღსრულების (ICE) სამსახურის მოქმედებებს აპროტესტებენ. დონალდ ტრამპმა ქალაქში ეროვნული გვარდიის ნაწილების განლაგების ბრძანება გასცა, თუმცა შტატის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა.





