ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგით შეაჯამა 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები. კობახიძის გაცხადებით, ქართულმა ოცნებამ მორიგი "უპრეცედენტო გამარჯვება მოიპოვა". მისივე თქმით, "5-7 000 ადამიანი იყო მისული ხელისუფლების დამხობის აქციაზე", რომელიც "ვერ შედგა".
"გადავიდნენ მოქმედებაზე, დაიწყეს დამხობა, ჩავარდა დამხობა და ამის შემდეგ დაიწყეს დამხობიდან გამიჯვნა" - თქვა კობახიძემ და დასძინა, რომ ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის, პოლიტიკურსაც.
კობახიძის განცხადებით, ყველა მოქალაქე, რომელიც "ძალადობაში მონაწილეობდა" არის "დამხობის მცდელობის დანაშაულის აღმსრულებელი" და კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს სასჯელს მიიღებენ.
ივანიშვილის წარმომადგენელი ამბობს, რომ ახლა "ადამიანების იდენტიფიცირების ბევრად მეტი რესურსი" აქვთ.
"ვინც მონაწილეობდა ძალადობაში ყველა, უკლებლივ ყველა არის დამხობის მცდელობის დანაშაულის აღმსრულებელი, შესაბამისად, ეს ადამიანები უნდა ელოდონ სიურპრიზებს შემდეგი დღეების განმავლობაში და ბევრი დღე არ დასჭირდება ამას. ვვარაუდობდით, მათი შემართებიდან გამომდინარე, რომ 30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი და ვხედავთ რომ ჩვენი პროგნოზი აღსრულდება.
ჩვენ ყველას ვეუბნებოდით, რომ დღეს ბევრად მეტი გვაქვს ადამიანების იდენტიფიცირების რესურსი, ვიდრე თუნდაც გვქონდა რამდენიმე თვის წინ, თავის დროზე თუ მხოლოდ მოძალადეთა 3%-ის იდენტიფიცირება მოხერხდა, როდესაც ათასი ადამიანი ძალადობდა და დაჭერილი იქნა 30 ადამიანი, დღეს გვაქვს ბევრად მეტი რესურსი. აქედან გამომდინარე, დამხობის მცდელობის დანაშაულის აღმსრულებელთაგან ძალიან ბევრს ელის მძიმე ხვედრი კანონის შესაბამისად, კანონი მათ მიმართ იმოქმედებს ძალიან მკაცრად". - თქვა კობახიძემ.
კობახიძის მტკიცებით, 4 ოქტომბრის აქციის უკან უცხოური სპეცსამსახურები დგას. მისივე თქმით, არსებობს "პირდაპირი, ლოგიკური კავშირი ე.წ 300-დღიან პროტესტსა და დამხობის აქციას შორის".
"ვინც სცადა ხელი აღემართა ჩვენს სახელმწიფოზე უცხოური სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ აქციაზე ყველა მიიღებს უმკაცრეს პასუხს. საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც შეიძლება ვინმემ უცხოურ სპეცსამსახურებს მისცეს ხელისუფლების დამხობის შესაძლებლობა.
დღევანდელი უფრო სწორად გუშინდელი დამხობის აქცია იყო სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ე.წ. 300-დღიანი პროტესტის გაგრძელება და პირდაპირი ლოგიკური კავშირია ამ სამარცხვინო 50-100 კაციან პროტესტებსა და გუშინდელ დამხობის აქციას შორის. აქედანაც მინდა ყველამ გამოიტანოთ დასკვნები, როგორი იქნება ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა უცხოური აგენტურის, უცხოელი აგენტების და უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ოპერაციების მიმართ. ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო ნებისმიერი მოძალადის მიმართ". - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და განაცხადა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".
ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.
მოქალაქეთა ნაწილი პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში შეიჭრა. გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა.
მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი.
ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.
"დაგიდასტურებთ, რომ აქციაზე რამდენიმე პირია დაკავებული, მოგვიანებით გავავრცელებთ განცხადებას თუ ვინ არის დაკავებული, რა მუხლით და რა წარმოება აქვს შსს-ს" - თქვა დარახველიძე.





