გამოცემა Wall Street Journal ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ სადაზვერვო ინფორმაციის მეშვეობით უკრაინას რუსეთის სიღრმეში ენერგოობიექტებზე იერიშების მისატანად დახმარებას გაუწევს.
WSJ-ს ინფორმაციით, ამისთვის აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებსა და პენტაგონს საშუალებას აძლევს, კიევს ამგვარი იერიშების მიტანაში დახმარება გაუწიონ.
გამოცემის ცნობით, აშშ-ს მაღალჩინოსნები NATO-ს წევრ მოკავშირეებს უკრაინისთვის მსგავსი დახმარების გაწევისკენ მოუწოდებენ.
ამავდროულად, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის უფრო მძლავრი შეიარაღების გაგზავნასაც განიხილავს, რომელთა მეშვეობითაც უკრაინა რუსეთის სიღრმეში მდებარე ახალი ობიექტების მიზანში ამოღებას შეძლებს.
ცნობისთვის, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას განიხილავს.
27 სექტემბერს WSJ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ტრამპს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სთხოვა, რომელთა მოქმედების რადიუსი 2 400 კილომეტრს აღემატება.
WSJ ასევე წერდა, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები შემდეგ კვირას ვაშინგტონში ვიზიტით ჩავლენ, რათა აშშ-ს თავდაცვის მინისტრთან, პიტ ჰეგსეთთან მოლაპარაკებები გამართონ.
23 სექტემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში რუსეთი "ქაღალდის ვეფხვს" შეადარა და დაწერა, რომ უკრაინას რუსეთისგან მთელი ტერიტორიის უკან დაბრუნება შეუძლია.
მოგვიანებით, Fox-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კითხეს, გაკვირვებულია თუ არა ტრამპის ბოლო გზავნილით, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთისგან ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნება.
ზელენსკის თქმით, ტრამპი ხედავს რომ უკრაინისგან განსხვავებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს არ სურს ომის დასრულება, რის გამოც აშშ მზად არის უკრაინას ბოლომდე გვერდში ედგეს.





