დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა გამოცემა Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ NATO-მ რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ საპასუხო ზომები უნდა გააძლიეროს და საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევა და სხვა მტრული ქმედებები "სავარაუდოდ მხოლოდ დასაწყისია".
ფრედერიკსენმა FT-სთან საუბრისას გამოთქვა აზრი, რომ NATO-მ "უფრო სიღრმისეულად" უნდა განიხილოს, თუ როგორ უპასუხოს მოსკოვის მტრულ ნაბიჯებს.
"ძალიან ღია უნდა ვიყოთ იმის შესახებ, რომ ეს სავარაუდოდ მხოლოდ დასაწყისია. გვჭირდება, რომ ყველა ევროპელმა გაიგოს, რა დევს სასწორზე და რა ხდება. როდესაც დრონები ან კიბერთავდასხმები ხდება, აზრი ისაა, რომ დაგვყონ". - თქვა ფრედერიკსენმა.
დანიის პრემიერმინისტრმა ინტერვიუში თქვა, რომ NATO-ს მხრიდან სამხედრო შესაძლებლობების ზრდა მთლიან პრობლემას ვერ აღმოფხვრის.
"ჰიბრიდული ომის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ დაგვემუქროს, დაგვყოს, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ერთ დღეს - დრონი, მეორე დღეს - კიბერთავდასხმები, მესამე დღეს - საბოტაჟი გამოიყენოს. ასე რომ, ეს მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობის გაძლიერებით ვერ დასრულდება". - თქვა ფრედერიკსენმა.
დანიის ოფიციალურ გამოძიებას არ დაუდგენია, თუ ვინც იყო დრონების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევაზე პასუხისმგებელი, თუმცა FT-სთან საუბრისას ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ რუსეთი ევროპის "ძირითად მტერს" წარმოადგენს.
ამ კვირაში დანიაში ევროპის კონტინეტის უსაფრთხოების გაძლიერებისა და უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდის შესახებ ორი სამიტი იმართება. დღეს, 1 ოქტომბერს, EU-ს ლიდერებს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, ხოლო ხვალ NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის, უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან, დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.
ცნობისთვის, გასულ კვირაში დანიის აეროპორტებსა და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან რამდენიმე დრონი შენიშნეს, რასაც 27 სექტემბერს სამხედრო ავიაბაზის თავზე უცნობი დრონების გამოჩენა მოჰყვა, რომლის შესახებაც ინფორმაცია სამხედრო პირებმა გაავრცელეს.
მანამდე, რამდენიმე დიდი ზომის დრონის გამოჩენის მიზეზით სკანდინავიის რეგიონში ყველაზე გადატვირთული კოპენჰაგენის აეროპორტი რამდენიმე საათით დაიკეტა. იმავე მიზეზით მომდევნო დღეებში ხუთმა სამოქალაქო და სამხედრო აეროპორტმა რამდენიმე დღით მუშაობა შეაჩერა.
23 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ესტონეთმა თავის საჰაერო სივრცეში სამი რუსული MiG-31 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის გამოჩენის შესახებ განაცხადა, NATO-მ მოსკოვი გააფრთხილა, რომ თავდაცვისთვის "ყველანაირ სამხედრო და არასამხედრო საშუალებას გამოიყენებდა."
ამის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 27 სექტემბერს NATO და ევროკავშირი გააფრთხილა, რომ "ნებისმიერი აგრესია [რუსეთის მიმართულებით] შესაბამის პასუხს მიიღებს."
უცნობი დრონების მიერ გამოწვეული საფრთხის თაობაზე 27 სექტემბერს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმაც განაცხადა და დაამატა, რომ ქვეყანა თავდაცვისთვის საჭირო ზომებს მიიღებდა.





