საქართველო-რუსეთი

ლავროვი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საგარეო მინისტრებს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას, 2023 წლის 31 აგვისტო.
REUTERS/Maxim Shemetov/Pool/File Photo

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ქალაქ სოჭში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყების ხელმძღვანელ ახსარ ჯიოევს ლავროვმა მიულოცა ე.წ. რესპუბლიკის დღე, რომელიც 20 სექტემბერს აღნიშნეს. მან ხაზი გაუსვა "საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი სამხრეთ ოსეთი - ინვესტიციის ჰორიზონტების" ჩატარებასაც. 

ლავროვმა 2008 წლის აგვისტოს მეორე ნახევარსა და სექტემბრის პირველ ნახევარს საბედისწერო უწოდა, რადგან "ამ მოვლენებმა დაუდო საფუძველი თანამედროვე რუსულ-სამხრეთოსურ ურთიერთობებს". ლავროვის თქმით, ეს ურთიერთობა ეფუძნება "თანასწორობის, ინტეგრაციისა და მოკავშირეობის პრინციპებს".

""დღეს სამხრეთ ოსეთი წარმატებით ვითარდება დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სუვერენულ სახელმწიფოდ." - ირწმუნებოდა ლავროვი შეხვედრაზე. მისივე მტკიცებით, გაზრდილია ოკუპირებული ცხინვალის მთლიანი შიდა პროდუქტი.

ლავროვის თქმით, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია "სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო პოზიციების გამყარება" და მსოფლიოსთვის "2008 წლის მოვლენებზე სიმართლის" გაგება.

"სამხრეთ ოსეთი რუსეთის ახლო მეგობარი და მოკავშირეა. გავაგრძელებთ მის დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, სტაბილურობასა და მდგრად განვითარებაში. ჩვენი შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო პოზიციების გამყარება, მსოფლიო საზოგადოებამდე 2008 წლისა და მისი მომდევნო მოვლენებთან დაკავშირებული სიმართლის მიტანა და საგარეო კონტაქტების კუთხით სამხრეთ ოსეთისთვის შესაძლებლობების არსებობა." - თქვა ლავროვმა. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ოლეგ ბარციცთან შეხვედრის დროს ლავროვმა თქვა, რომ გააგრძელებენ სოხუმთან კომპლექსურ თანამშრომლობასა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მან ბარციცს მიულოცა ე.წ. გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეც, რომელიც 30 სექტემბერს აღნიშნეს.

"ჩვენი მხრიდან, გავაგრძელებთ სუვერენული დამოუკიდებელი აფხაზეთისთვის კომპლექსური თანამშრომლობის უზრუნველყოფას მისი განვითარებისთვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ეს სრულყოფილად პასუხობს ჩვენი ხალხის ინტერესებს." - თქვა ლავროვმა.

ბარციცთან საუბარში ლავროვმა გამოთქვა მოლოდინი, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში "ტურისტული ნაკადის ზრდის ფონზე" გაგრძელდება მომსახურების სფეროს მოდერნიზაცია და კერძო ინვესტიციებისთვის ხესაყრელი პირობების შექმნის პროცესი. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო ოკუპირებულ აფხაზეთს რამდენჯერმე ეწვია.

"მე მას ველაპარაკე. ის ძალიან კარგად აფასებს ერთობლივი პროექტების რეალიზაციას, რაზეც პრეზიდენტები, პუტინი და გუნბა შეთანხმდნენ." - თქვა ლავროვმა.

ლავროვმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა 2024 წლის ოქტომბერშიც გამართა. ამას გარდა, 2025 წლის ივნისში შეხვდა ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ახალ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ოლეგ ბარციცს.

კომენტარები