როგორც გამოცემა Kyiv Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს შეატყობინა, რომ ესტონეთისთვის უფრო მეტი საბრძოლო საშუალების მიყიდვას გეგმავს, ვიდრე აქამდე შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. კერძოდ, ტრამპის ადმინისტრაცია შორი რადიუსის შეიარაღების მიწოდებას გაზრდის მას შემდეგ, რაც 19 სექტემბერს რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.
Kyiv Post-ის თანახმად, შეთანხმების განახლებული ვერსია $4.73 მილიარდის ღირებულების შეიარაღებას ითვალისწინებს, ხოლო თავდაპირველად 2022 წელს გაფორმებული შეთანხმება $500 მილიონის ღირებულების შეიარაღებას ითვალისწინებდა.
როგორც გამოცემა წერს, წინა ვერსიასთან შედარებით, ახალ შეთანხმებაში, მათ შორის, გათვალისწინებული HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემეის რაოდენობა 6-იდან 12-მდე გაიზარდა და მათთვის განკუთვნილ დამატებით ასობით მაღალი სიზუსტის რაკეტას მოიცავს.
ამასთან, Kyiv Post-ის მიხედვით, განახლებული შეთანხმებაში ATACMS-ის ტიპის შორი მანძილის სარაკეტო სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტის კონტეინერების რაოდენობა 18-იდან 200-მდე არის გაზრდილი.
გარდა ამისა, GMLRS-ის ტიპის სარაკეტო სისტემების რაკეტების რაოდენობა 144-იდან 1 000-მდეა გაზრდილი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს გეგმა აშშ-ს მხრიდან ესტონეთის თავდაცვის შესაძლებლობლებში “უპრეცედენტო ინვესტიციას” წარმოადგენს
ცნობისთვის, 19 სექტემბერს სამი MiG-31 ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქვეყნის ტერიტორიაზე ჯამში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რაც წელს რუსეთის მხრიდან ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მეოთხე შემთხვევა იყო.
მანამდე, 10 სექტემბერს, პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს, რის პასუხადაც პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რუსული დრონების ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.
აღსანიშნავია, რომ 23 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ NATO-ს ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ ის რუსული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც ალიანსის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ "დიახ, ასე ვფიქრობ".





