საქართველო-რუსეთი

კირიენკო აფხაზეთის ომზე: მაშინ რუსეთი აფხაზებთან იყო, ჩვენი ერები დააკავშირა სისხლმა

სერგეი კირიენკო სოხუმში, 2025 წლის 30 სექტემბერი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო.

კირიენკომ აღნიშნა, რომ აფხაზეთის ომის დროს რუსეთი სეპარატისტებს მხარს უჭერდა. მან გაიხსენა რუსეთიდან და ოკუპირებული დნესტრისპირეთიდან ჩამოყვანილი მებრძოლები.

"32 წლის წინ, 1992 წლის აგვისტოში აფხაზი ხალხი საკუთარი სიცოცხლის, ენისა და კულტურის უფლების დასაცავად საკუთარ მშობლიურ მიწაზე აღსდგა. აფხაზთა მხარდამხარ იბრძოდნენ ისინიც, ვისთვისაც აფხაზეთი იყო სამშობლო: სომხური, რუსული, ბერძნული თემები. მაშინ რუსეთი თქვენთან იყო, ჩვენი ერები დააკავშირა სისხლმა, რომელიც სამართლიანობის გამო იღვრებოდა. გვახსოვს მოხალისეები რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან, კაზაკები, მებრძოლები დნესტრისპირეთიდან, ყველა, ვინც მოვიდა მოძმე აფხაზი ერის დასახმარებლად ყველაზე რთულ ვითარებაში." - თქვა კირიენკომ.

პუტინის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ისაუბრა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ლიდერ ვლადისლავ არძინბაზეც.

"ამ გამარჯვებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა ვლადისლავ გრიგორიევიჩ არძინბამ. მისმა რკინასავით მტკიცე ნებამ, სიბრძნემ და შესაძლებლობამ, ჩამოეყალიბებინა ნაცია, ხალხი ბრძოლისთვის შთააგონა და 1993 წლის სექტემბრის ცნობილ ტრიუმფამდე მიიყვანა. მან ჩაუყარა საფუძველი თანამედროვე აფხაზურ სახელმწიფოებრიობასა და აფხაზეთ-რუსეთის მტკიცე ურთიერთობას, რესპუბლიკის ახალი ხელმძღვანელებისთვის მაღალი თამასა დააწესა." - თქვა კირიენკომ.

კირიენკოს მტკიცებით, აფხაზეთის ომში სეპარატისტების გამარჯვება ისტორიაში "სიმართლის ტყუილზე" და "თავისუფლების სწრაფვის გენოციდის მცდელობაზე" გამარჯვების დღედ ჩაიწერა.

"ომის 413-მა დღემ მსოფლიოს აჩვენა აფხაზი ერის მოუდრეკელი ნება. ჩვენ ქედს ვიხრით თქვენი დაცემული გმირებისადმი - აფხაზეთის თითქმის 2000 ვაჟმა და ასულმა გასცა საკუთარი სიცოცხლე თავისუფლებისთვის. ჩვენ პატივს მივაგებთ ყოველი მათგანის წვლილს, ვინც იბრძოდა მეამბოხეთა რიგებში და ყველას, ვინც მათ ზურგში ეხმარებოდა. ეს გამარჯვება სამუდამოდ ჩაიწერა ისტორიაში როგორც სიმართლის ზეიმი ტყუილზე, თავისუფლებისადმი სწრაფვის გამარჯვება გენოციდის მცდელობაზე." - თქვა რუსმა მაღალჩინოსანმა.

კირიენკომ აღნიშნა, რომ 2025 წელი რუსეთში "სამშობლოს დამცველთა წლად" არის გამოცხადებული. მან გაიხსენა აფხაზი სამხედროები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდნენ და მადლობა გადაიხადა, რომ დღეს სეპარატისტები რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარებიან.

"დღესაც, აფხაზეთის მეომრები იბრძვიან რუსი მებრძოლების მხარდამხარ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში. მათი გამძლეობა არის პირდაპირი გაგრძელება მათი მამებისა და პაპების გმირობის, რომლებიც აფხაზეთს იცავდნენ 2008-ში, 90-იანების დასაწყისსა და უფრო ადრე 40-იანებში, მთელი საბჭოთა კავშირის დაცვით. დღეს ჩვენი საერთო დღესასწაულია, სამხედრო დიდების, გაუტეხელი სულისა და რუსეთ-აფხაზეთის დაუნგრეველი მეგობრობის დღესასწაული. გაუმარჯოს გამარჯვებულ ერს!" - თქვა კირიენკომ.

კირიენკო წელს ოკუპირებულ აფხაზეთს მეექვსეჯერ ეწვია.

გასულ კვირებში კირიენკო ოკუპირებულ ცხინვალსაც ესტუმრა და სეპარატისტების ე.წ. რესპუბლიკის დღე აღნიშნა.

2025 წლის გაზაფხულიდან პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს ფაქტობრივად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლი ჩაბარდა. მან ოკუპირებული აფხაზეთის კურატორად პუტინის ადმინისტრაციის მაშინდელი ერთ-ერთი მოადგილე, დმიტრი კოზაკი ჩაანაცვლა, რის შემდეგაც ე.წ. არჩევნებში კრემლისთვის სასარგებლო კანდიდატმა, ბადრა გუნბამ გაიმარჯვა. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, კოზაკსა და პუტინს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა და მაღალჩინოსანი ამიტომ გავლენებს კარგავდა. კოზაკმა საბოლოოდ თანამდებობა 2025 წლის სექტემბერში დატოვა.

დამოუკიდებელი რუსული მედია მედუზა წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ბადრა გუნბას კამპანიაში კირიენკო პირადად იყო ჩართული. რუსი მაღალჩინოსანი აპრილში ოკუპირებულ ცხინვალს, მაისში კი ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია. მაისის შემდეგ კირიენკო სოხუმში კიდევ ოთხჯერ ჩავიდა.

 

კომენტარები