გამოცემა Bloomberg მათ მიერ ნანახ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთში ცინგტაოს პორტის ნავთობტერმინალები მოძველებულ ნავთობმზიდებზე ახალი შეზღუდვების მიღებას აპირებენ, რაც ირანული და სხვა სანქცირებული ნავთობის გადამზიდი ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აღიქმება.
Bloomberg-ის მიხედვით, ნავთობტერმინალები გეგმავენ, რომ ნავსადგომებთან გაჩერება აუკრძალონ ისეთ ხომალდებს, რომელთა ასაკი 31 წელს აღემატება და რომლებსაც ბათილი მოწმობები აქვთ ან საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სარეგისტრაციო ინფორმაცია აქვთ შეცვლილი.
გამოცემა წერს, რომ ზომების მიღება 1-ელ ნოემბერს იგეგმება.
როგორც გამოცემა წერს, დოკუმენტს ცინგტაოს პორტში შემავალი ხუანგტაოს პორტის ოთხი ნავთობტერმინალის ოპერატორი აწერს ხელს.
Bloomberg აღნიშნავს, რომ შემზღუდავი ზომების მიღება მას შემდეგ დაიგეგმა, რაც აშშ-მ ცინგტაოს პორტში ერთ-ერთი ნავთობის ოპერატორი დაასანქცირა, რადგან მასთან ვაშინგტონის მიერ სანქცირებულმა ხომალმდა ირანული ნედლი ნავთობი გადაიტანა.
გამოცემის მიხედვით, ცინგტაოს პორტი ჩინეთში ირანული ნავთობის გადაზიდვის მსხვილ პუნქტად აღიქმება. ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთმა 2022 წლიდან ირანული ნავთობის იმპორტი შეწყვიტა, თუმცა ანალიტიკური ფირმის, Kpler-ის ინფორმაციით, ცინგტაოს პორტში ყოველდღიურად ირანული ნედლი ნავთობის დაახლოებით 300 000 ბარელი შედის.





