შსს

"მოგონილი ამბავია, თავდასხმაა სახელმწიფოზე" – შსს TV ფორმულას სიუჟეტზე გდდ-ს შეფის შესახებ

რომან ქარცივაძე
კადრი ვიდეოდან/ფორმულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს TV ფორმულას მიერ გდდ-ს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების შესახებ მომზადებულ სიუჟეტს. მათივე შეფასებით, სიუჟეტი მიზნად ისახავს მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს და კონკრეტულად აღნიშნული დეპარტამენტის დისკრედიტაციას. 

"სიუჟეტში, თითქოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან წასული ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომან ქარცივაძის მიმართ გახმოვანდა რამდენიმე აბსურდული ბრალდება, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების განგებ შეცდომაში შეყვანას.

კატეგორიულად მიუღებელია მედიასაშუალებისგან ღირსების შემლახავი ისეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც არ გამომდინარეობს არანაირი ფაქტობრივი გარემოებიდან და რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ის უბრალოდ მოგონილ ამბავს წარმოადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი არის ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო, რომელიც დაკომპლექტებულია პატრიოტი და მამაცი სპეცრაზმელებით, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, დაიცვან სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები. მათზე თავდასხმას ობიექტურად განვიხილავთ, როგორც ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმას" - წერია სამინისტროს განცხადებაში. 

TV ფორმულას ინფორმაციით, სისტემიდან ახლახან წასულმა სპეცრაზმელმა წერილი მათ რედაქციაში მიიტანა. წერილში მოთხრობილია რამდენიმე ქურდობის ეპიზოდი, რომელშიც, ავტორის მტკიცებით, გდდ-ს უფროსი რომან ქარცივაძე მონაწილეობს. 

"იმ დროისთვის შს მინისტრი უკვე ვახტანგ გომელაური იყო, ქარცივაძე კი ჯიქიაზე, ახლა უკვე ანა პოლიტკოვსაიას ქუჩაზე მდებარე სპეცრაზმში მსახურობდა. ბიჭები აგროვებდნენ ფულს მინისტრისთვის დაბადების დღის საჩუქრის შესაძენად - ეს ფულიც რომან ქარცივაძემ სპეცრაზმს "მოუტეხა". ვერავითარი საჩუქარი ვერ იყიდეს. ამ ამბის გამო ის სისტემიდან ისევ გაუშვეს და ბოლოს, მას შემდეგ, რაც შს მინისტრი გეკა გელაძე გახდა, ქარცივაძე ისევ დააბრუნეს ალექსანდრე ტაბატაძის საფარქვეშ. 

[...] იპარავდა სპეცრაზმელების საცვლებს, იცვამდა და ისე გაჰქონდა განყოფილებიდან. ეს არის 1999-2000 წლების ამბავი. [...] იპარავდა სპეცრაზმის საწვავს... ტუშონკებს, წიწიბურას, ზეთს, საჭმელსაც, რაც სპეცრაზმისთვის იყო განკუთვნილი. ამ ბოლო ეპიზოდის შესახებ შეიტყო ვანო მერაბიშვილმაც“ - ეს ეპიზოდი 2006 წელს ეხება, როდესაც, წერილის ავტორის თქმით, ქარცივაძე აჭარაში გდდ-ს დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა" - წერია გავრცელებულ წერილში. 

კომენტარები