გამოცემა The Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ღიაა იმისადმი, რომ უკრაინას ამერიკული წარმოების შორი რადიუსის იარაღებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშების მიტანაზე შეზღუდვა მოუხსნას, თუმცა ამის შესახებ ზელენსკისთვის კონკრეტული დაპირება არ მიუცია.
WSJ ამერიკელ და უკრაინელ ანონიმურ მაღალჩინოსნებზე წერს, რომ ამის შესახებ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, 23 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარლგებში ელაპარაკა.
გამოცემის წყაროების მიხედვით, ზელენსკიმ შეხვედრაზე ტრამპს უფრო შორი რადიუსის რაკეტების მიწოდება და ამ იარაღით რუსეთის სიღრმეში იერიშების მიტანაზე ნებართვა სთხოვა, ტრამპმა კი უპასუხა, რომ ამ იდეის წინააღმდეგი არაა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტს არაფერს დაპირებია.
WSJ The Telegraph-ისა და Axios-ის მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუს მსგავსად, ასევე წერს, რომ ზელენსკიმ ტრამპს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სთხოვა, რომელთა მოქმედების რადიუსი 2 400 კილომეტრს აღემატება.
გამოცემის წყაროების მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაცია ამჟამად Tomahawk-ებისა და სხვა შორი რადიუსის მქონე იარაღების მიწოდებას განიხილავს.
WSJ ასევე წერს, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები შემდეგ კვირას ვაშინგტონში ვიზიტით ჩავლენ, რათა აშშ-ს თავდაცვის მინისტრთან, პიტ ჰეგსეთთან მოლაპარაკებები გამართონ.
ცნობისთვის, 23 სექტემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში რუსეთი "ქაღალდის ვეფხვს" შეადარა და დაწერა, რომ უკრაინას რუსეთისგან მთელი ტერიტორიის უკან დაბრუნება შეუძლია.
მოგვიანებით, Fox-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კითხეს, გაკვირვებულია თუ არა ტრამპის ბოლო გზავნილით, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთისგან ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნება.
ზელენსკის თქმით, ტრამპი ხედავს რომ უკრაინისგან განსხვავებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს არ სურს ომის დასრულება, რის გამოც აშშ მზად არის უკრაინას ბოლომდე გვერდში ედგეს.





