რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: დრონების ჩინელი ექსპერტები სანქცირებულ რუსულ მწარმოებლებთან თანამშრომლობდნენ

ორი ევროპელი უსაფრთხოების ოფიციალური პირისა და Reuters-ის მიერ ნანახი დოკუმენტების მიხედვით, დრონების ჩინელი სპეციალისტები რუსეთში სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი იარაღის მწარმოებელ სანქცირებულ კომპანიაში სამხედრო დრონებზე ტექნიკური განვითარების სამუშაოების ჩასატარებლად ჩავიდნენ.

გამოცემა წერს, რომ გასული წლიდან მოყოლებული ჩინელმა ექსპერტებმა ნახევარ იარაღის მწარმოებელ ИЭМЗ Купол-ში 10-მდე ვიზიტი განახორციელეს. გამოცემის მიერ ნანახი დოკუმენტებისა და ოფიციალური პირების მიერ გაზიარებული ინფორმაციის მიხედვით, იმავე პერიოდში, რუსი შუამავლის მეშვეობით, Купол-მა ასევე ჩინეთში დამზადებული საბრძოლო და სადაზვერვო დრონების პარტიები მიიღო.

გასული წლის სექტემბერში Reuters წერდა, რომ Купол-მა ჩინეთში, ადგილობრივი სპეციალისტების დახმარებით, ახალი დრონი Гарпия-3 შეიმუშავა. ახლა სააგენტო პირველად ავრცელებს კონკრეტულ დეტალებს ჩინელი ექსპერტების ფართო ჩართულობის შესახებ რუსეთში სამხედრო დანიშნულების დრონების გამოცდებსა და ტექნოლოგიურ სამუშაოებში.

ოფიციალური პირები, რომლებიც ინფორმაციის სენსიტიურობის გამო არ ითხოვენ არც საკუთარი სახელის და არც ორგანიზაციის დასახელებას, გამოცემას უყვებიან, რომ ეს თანამშრომლობა Купол-სა და ჩინურ კომპანიებს შორის დრონების განვითარების კუთხით კავშირის გაღრმავებაზე მიუთითებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ ამ თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

"ჩინეთი ყოველთვის იცავდა ობიექტურ და სამართლიან პოზიციას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, არ მიაწვდიდა მომაკვდინებელ იარაღს კონფლიქტის არცერთ მხარეს და მკაცრად აკონტროლებდა ორმაგი დანიშნულების საქონელს, მათ შორის დრონების ექსპორტს" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

Reuters-ის მოთხოვნის მიუხედავად, კრემლს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ИЭМЗ Купол-ს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დოკუმენტებში, მათ შორის ბიზნეს ინვოისებსა და საბანკო ამონაწერებში, ჩანდა, რომ Купол-მა გასულ წელს ჩინური დრონების მწარმოებელი Sichuan AEE-ს მიერ წარმოებული ათზე მეტი საბრძოლო დრონი მიიღო. ოფიციალური პირები გამოცემას უყვებიან, რომ დრონები რუსეთის სახელმწიფო თავდაცვის შესყიდვების სააგენტო TSK Vektor-ის მიერ იყო ნაყიდი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება. TSK Vektor-სა და Sichuan AEE-ს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

Reuters-მა ივლისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ Купол ჩინური ნაწილებით, მათ შორის ძრავებით, ათასობით Гарпия-ს საბრძოლო დრონს აწარმოებდა. Гарпия-ები ირანულ Shahed-ზეა მოდელირებული.

გამოცემის მიხედვით, Купол-ის ერთ-ერთ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩინელი ექსპერტების ჯგუფი ქალაქ იჟევსკში მდებარე ქარხანას ესტუმრა, სადაც ქარხნის თანამშრომლებს სხვადასხვა ტიპის დრონების გამოყენება ასწავლეს.

კომენტარები