ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბრიფინგზე პარტიის წევრებმა ლევან ხაბეიშვილის დაკავებასა და 4 ოქტომბრის აქციაზე ისაუბრეს.
პარტიის წევრის, ირაკლი ფავლენიშილის თქმით, მაშინ, როდესაც ქართული ოცნების წევრები ერთმანეთს ებრძვიან, აუცილებელია ქართველი ხალხის გაერთიანება. მისი აზრით, ლევან ხაბეიშილიც იმიტომ დააკავეს, რომ გააჩინა რწმენა.
"ბიძინა ივანიშვილის უკანონო ბრძანება შეასრულა მისი პირადი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ და საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე აბსურდული ბრალდებით დააკავა ჩვენი პარტიის ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი. რატომ? იმიტომ, რომ ლევან ხაბეიშვილმა გააჩინა რწმენა, მტკიცე რწმენა, რომ სისტემა აუცილებლად დაიშლება ბოლომდე იმიტომ, რომ ისედაც იშლება ეს სისტემა.
დავინახეთ, ყველა მისი დაპირებები სრულდებოდა, ლევან ხაბეიშვილი რასაც აცხადებდა. სისტემა შიგნით ერთმანეთს არათუ იჭერს, არამედ კლავს კიდეც. ერთმანეთის წინააღმდეგ არის გადამწყვეტ ბრძოლაში შესული და ამ დროს ქართველი ხალხის კონსოლიდაციის, მობილიზების შემთხვევაში ის აუცილებლად გაირღვევა. 4 ოქტომბერს ეს აუცილებლად მოხდება. ეს, რაც არის აუცილებელი." - თქვა ფავლენიშვილმა.
ბრიფინგზე ასევე აღნიშნეს, რომ თუ რეჟიმი არ შეიცვლება ლევან ხაბეიშვილის ბედს გაიზიარებენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ აქტივისტებიც.
"ლევან ხაბეიშვილის აი, ეს სახე არ უნდა განმეორდეს იმიტომ, რომ როგორც ამ პოლიტიკოსს მოექცნენ, ისე მოექცევიან სხვა აქტივისტებსაც, თუ დარჩა, და არ დარჩება დარწმუნებული ვარ, ეს რეჟიმი ეგრეთწოდებულ ხელისუფლებაში. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უკანონოდ დააპატიმრეს, აბსურდული ბრალდებით, პოლიტიკური განცხადების, პოლიტიკური პოზიციის გამო ლევან ხაბეიშვილი, ასე დააკავებენ არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ აქტივისტებსაც, თუ ეს რეჟიმი დარჩა. ამიტომაც სხვა გამოსავალი არ გვაქვს. როგორც წამებამ, როგორც ცემამ, როგორც სიკვდილამდე მიყვანამ ვერ გატეხა ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლი ლევან ხაბეიშვილი, ისე ვერ გატეხა ამ უკანონო პატიმრობამაც. ლევანისავით გაუტეხელია ქართველი ხალხი. ჩვენ, მისი მეგობრები და თანამებრძოლები პირობას ვდებთ, რომ ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებთ 4 ოქტომბერს ამ ანტიქართულ რეჟიმს." - განაცხადეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა.





