კვლევა

ახალი კვლევა აშშ-ში ნიკოტინის ბალიშების მოხმარებაზე 

რატგერსის უნივერსიტეტის ნიკოტინისა და თამბაქოს კვლევის ინსტიტუტმა ახალი კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც აშშ-ში ნიკოტინის ბალიშებს ძირითადად სავარაუდოდ ისეთი სრულწლოვანი ადამიანები შეიძლება მოიხმარდნენ, რომლებსაც უფრო საზიანო გზებით ნიკოტინის მიღებისთვის თავის დანებება ან შემცირება სურთ. 

ამის შესახებ კვლევა 8 სექტემბერს პლატფორმა JAMA Network-ზე გამოქვეყნდა

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამჟამად ზრდასრულთა უმეტესობა, რომელიც ნიკოტინის ბალიშებს მოიხმარს, წარსულში თამბაქოს უკვე მოიხმარდა და შესაძლოა ამ პროდუქტებს ნიკოტინის მოხმარების შესამცირებლად ან ნიკოტინის უფრო საზიანო გზით მიღების, მაგალითად სიგარეტისთვის,თავის დასანებებლად იყენებს. 

მკვლევართა ვარაუდს ამყარებს ის გარემოებაც, რომ, კვლევის თანახმად, ნიკოტინის ბალიშებამდე თამბაქოს  სხვა პროდუქტი ნიკოტინის ბალიშების მომხმარებელთა მხოლოდ 0.09%-ს არასდროს მოუხმარია.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ნიკოტინის ბალიშების მარკეტინგი თამბაქოსთვის თავის დანებების საშუალებად არ არის დაშვებული, განსხვავებით პლასტირების, საღეჭი რეზინისა და სამედიცინო ტაბლეტისა, რომელიც თერაპიული გამოყენებისთვის თამბაქოსთვის თავის დანებების პროდუქტებად დამტკიცებულია, - ნიკოტინის ბალიშების მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა მოწევასა და ვეიფინგს თავი დაანება, რაც ზიანის შემცირებაში მის პოტენციალზე მიანიშნებს. 

ამასთან, კვლევის მიხედვით, ნიკოტინის ბალიშებს ამჟამად  აშშ-ს მოსახლეობის მცირე ნაწილი მოიხმარს, კერძოდ, ზრდასრულთა 0.42%. 

კვლევის პრესრელიზში აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებზე დაყრდნობით ასევე აღნიშნულია, რომ ნიკოტინის ბალიშების მოხმარება ახალგაზრდებში ნელი ტემპით მოიმატა - აშშ-ს CDC-ის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2022 წლიდან 2024 წლამდე 1.1%-იდან 1.8%-მდე გაიზარდა.

კვლევის თანაავტორმა და რატგერსის უნივერსიტეტის საჯარო ჯანდაცვის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, მერი ჰრივნამ აღნიშნა, რომ აშშ-ში ნიკოტინის ბალიშების შესახებ მიმდინარე დისკუსიის ფონზე, აქტუალურია იმის გარკვევა, თუ ვინ და როგორ მოიხმარს ამ პროდუქტებს.

“აშშ-ში ნიკოტინის ბალიშების მიმართ მზარდი ყურადღების ფონზე მრავალი თანხმდება, რომ უკეთ გვჭირდება იმის გაგება, თუ ვინ იყნებეს ამ პროდუქტებს და როგორ. ეს კვლევა მოხმარების კანონზომიერებების ნაწილობრივ სურათს გვთავაზობს, რომელიც ინფორმაციული და, ამ ეტაპზე მაინც, გარკვეულწილად დამაიმედებელია”. - თქვა ჰრივნამ. 

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში აშშ-ს სურსათისა და წამლების მარეგულირებელმა სააგენტომ (FDA) ნიკოტინის ბალიშების პროდუქტს, ZYN-ს მარკეტინგის ავტორიზაცია მიანიჭა, რაც პირველი ასეთი შემთხვევაა.

მიუხედავად კვლევაში აღნიშნული ტრენდისა, ნიკოტინის ბალიშები თამბაქოსთის თავის დანებების საშუალებად მარკეტინგი აშშ-ში დაშვებული კვლავ არ არის. 

აშშ-ში ნიკოტინის ბალიშების მიმართ პოლიტიკასა და ზიანის შემცირებაზე დისკუსიის შესახებ მეტის სანახავად, გაეცანით ტაბულას სტატიას:

ნიკოტინის ბალიშების პოტენციალი თამბაქოს ზიანის შესამცირებლად - დისკუსია აშშ-ში

კომენტარები