ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი რეჟიმის ხელმძღვანელი, ალან გაგლოევი რუსულ პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან საუბარში ირწმუნება, რომ "მსოფლიო საზოგადოება" ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფოებრიობის "მდგრადობაში დარწმუნდა".
"რუსეთთან და აფხაზეთთან ერთად ჩვენ თანმიმდევრულად ვიცავთ ჩვენი ქვეყნების ინტერესებს საერთაშორისო არენაზე და ვაფართოებთ კონტაქტებს სხვა სახელმწიფოებთან, ზეწოლისა და იზოლაციის მცდელობების მიუხედავად... ჩვენი რესპუბლიკის სუვერენიტეტი შემდგარი ფაქტია და მსოფლიო საზოგადოება უკვე დარწმუნდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მდგრადობაში." - თქვა გაგლოევმა.
მარიონეტი ლიდერის მტკიცებით, მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები ოკუპირებულ ცხინვალს ახალ შესაძლებლობებს აძლევს.
"მანიშნებელი სიგნალი იყო, როცა აგვისტოში აშშ-მ პირველად თქვა უარი მხარი დაეჭირა საქართველოსთან დაკავშირებული ანტირუსული რეზოლუციისთვის გაეროს უსაფრთხოების საბჭოში. სულ მცირე ხნის წინ მსგავსი რამ შეუძლებელი გვეჩვენებოდა. დარწმუნებული ვარ, მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება, რისთვისაც რუსეთი და მისი მოკავშირეები იბრძვიან, შექმნის დამატებით პირობებს იმ სახელმწიფოების რიცხვის გაფართოებისთვის, რომლებიც მზად იქნებიან სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობისთვის." - თქვა გაგლოევმა.
ამას გარდა, ალან გაგლოევი უკმაყოფილოა, რომ ქართული ოცნება ტერმინი "ოკუპირებული ტერიტორიების" გამოყენებას აგრძელებს.
"იმის ნაცვლად, რომ მიხედონ საკითხებს, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში ნამდვილად დაეხმარება სტაბილურობისა და უსაფრთხოების გამყარებას, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს საერთაშორისო პლატფორმის გამოყენებას "რუსული ოკუპაციისა" და "ოკუპირებული ტერიტორიების" პროპაგანდისტული ლოზუნგის გასავრცელებლად." - თქვა მარიონეტმა ლიდერმა.
გაგლოევმა ასევე უკმაყოფილება გამოთქვა, რომ საქართველოში კვლავ მოქმედებს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მიიღეს.
"საინტერესოა, რომ თავად სააკაშვილი ახლა გასამართლდა, მის პოლიტიკურ მემკვიდრეობას კი საქართველოში აკრიტიკებენ, თუმცა ეს კანონი კვლავ ქმედებაშია და განსაზღვრავს თბილისის მიდგომას ჩვენს სახელმწიფოსთან. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მშვიდობისადმი ერთგულების დეკლარაცია და ქართველი პოლიტიკოსების კიდევ უფრო ხმამაღალი განცხადებები წარსული აგრესიისთვის ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით, რეალურ ნაბიჯებში ვერ აისახება." - თქვა გაგლოევმა.
ამას გარდა, გაგლოევმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულმა ცხინვალმა რუსეთთან ინტეგრაცია უნდა გააგრძელოს.
"რუსეთთან კავშირი ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაჯერებული განვითარების საფუძველი გახდა. რესპუბლიკის გამოცხადების აღნიშვნა - ეს არა მხოლოდ გმირული წარსულის გახსენებაა, არამედ არის ორიენტირი მომავლისთვისაც. ჩვენ ვალდებულები ვართ, ახალ თაობებს გადავცეთ სტაბილური და აყვავებული სამხრეთ ოსეთი. ამისთვის საჭიროა ეკონომიკის გამყარება, ერის კეთილდღეობის გაზრდა და რუსეთთან ინტეგრაციის გაგრძელება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ დავალებას ერთად გადავჭრით, ძმობისა და ნდობის სულისკვეთებით." - თქვა მარიონეტმა ლიდერმა.





