ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

გაგლოევი: დიალოგი შესაძლებელი იქნება, როცა ჩვენ დასაბრუნებელ ობიექტად აღქმას შეწყვეტენ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დეფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი
gdb.org

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი რეჟიმის ხელმძღვანელმა, ალან გაგლოევმა რუსულ პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან საუბარში თქვა, რომ საქართველოს "პოლიტიკურმა ელიტამ" უნდა აღიაროს "წარსული აგრესია" და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებელ ობიექტად აღქმა შეწყვიტოს.

"ჩვენ ჩვენი მხრიდან ღიად ვაცხადებთ მზადყოფნას პრაგმატული დიალოგისთვის თანასწორუფლებიან საფუძველზე. თუმცა ასეთი დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ქართული პოლიტიკური ელიტა უარს იტყვის რევანშისტულ ილუზიებზე, აღიარებს წარსულ აგრესიაზე პასუხისმგებლობას და შეწყვეტს სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებელ ობიექტად განხილვას." - თქვა გაგლოევმა.

გაგლოევი უკმაყოფილიოა ირაკლი კობახიძის განცხადებებით და საქართველოსგან კვლავ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების დადებას ითხოვს.

"სამწუხაროდ, თბილისი არაა მზად ხელი მოაწეროს იურიდიულად მავალდებულებელ დოკუმენტს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძის ბოლო განცხადებებმა ცხადად აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლება არაა განწყობილი თანასწორუფლებიანი და ცივილიზებული დიალოგისთვის. მეტიც, როცა ჟენევის დისკუსიების მთავარი მიზანი, სწორედ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება რაღაც არასერიოზულად ცხადდება, ეს ფაქტობრივად აუფასურებს რუსეთის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მრავალწლიან ძალისხმევას, ასევესე ამცირებს ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმის მნიშვნელობას, სადაც ჩვენი ქვეყნების დიპლომატებს შორის კონტაქტი მიმდინარეობს." - თქვა გაგლოევმა.

მარიონეტი ლიდერი ასევე უკმაყოფილოა, რომ საქართველოს მხრიდან საოკუპაციო ხაზზე, რომელსაც თავად საზღვარს უწოდებს, ე.წ. დემარკაცია-დელიმიტაციის სურვილი არ არსებობს.

"დღეს ქართული მხრისგან ვერ ვხედავთ სიგნალებს სახელმწიფო ხაზის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაწყებისთვის... რაც შეეხება შესაძლო დელიმიტაციის ვადებს, ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს მხარის მზადყოფნაზე, შეუდგნენ კონსტრუქციულ სამუშაოს." - თქვა ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა ლიდერმა.

მცირე ხნის წინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პროპაგანდისტულ მედიაში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ საქართველომ 2008 წელს ომის დაწყება აღიარა. საუბარი იყო ქართული ოცნების საგამოძიებო კომიტეტის მიერ შემუშავებულ 460 გვერდიან დასკვნაზე, რომელშიც ივანიშვილის გუნდი 2008 წლის ომის დაწყებას წინა ხელისუფლებას აბრალებს.

 

კომენტარები