ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

მედია: ისრაელმა ქალაქ ღაზაზე კონტროლის დასამყარებლად სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროები
Menahem Kahana/AFP via Getty Images

Axios და CNN წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ისრაელმა ქალაქ ღაზაზე კონტროლის დასამყარებლად სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

გამოცემა Axios-ს ისრაელის თავდაცვის ძალე (IDF) მაღალჩინოსანმა აცნობა, რომ IDF-ის სახმელეთო ძალებმა ქალაქ ღაზაში შესვლა 15 სექტემბერს დაიწყეს და მომდევნო დღეებში მათ დამატებითი ძალებიც შეუერთდებიან. 

CNN-ის ინფორმაციით, ისრაელის არმიამ ქალაქ ღაზის გარეუბნებში შესვლა უკვე დაიწყო. ხოლო ერთ-ერთმა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა მედიას განუცხადა, რომ სახმელეთო ოპერაცია ეტაპობრივად წარიმართება. 

გასული კვირის განმავლობაში ისრაელის არმიამ ქალაქ ღაზაში საჰაერო იერიშების მიტანა გააძლიერა და ათეულობით მრავალსართულიანი შენობა გაანადგურა, რომლებსაც ჰამას, IDF-ის მიხედვით, სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა. 

ამავდროულად, IDF-მა ქალაქ ღაზაში მცხოვრებ მილიონამდე მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ და ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ჰუმანიტარულ ზონებში გადანაცვლებისკენ მოუწოდა. IDF-ის ცნობით, ამ დრომდე ქალაქი ღაზა 300 000-მდე ადამიანმა დატოვა. 

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალების მინისტრმა, ისრაელ კაცმა დაწერა, რომ "ღაზა იწვის." მისი თქმით, IDF-ს "ტერორის ინფრასტრუქტურაზე იერიშები მიაქვს" და "მძევლების გამოშვებასა და ჰამასის დამარცხებაზე" მუშაობს. 

ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისში ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ქალაქ ღაზაზე ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მიერ კონტროლის დამყარების გეგმა დაამტკიცა. 

კომენტარები