აქცია კალაძის საარჩევნო შტაბთან

მოქალაქეთა მისამართების გახმაურებას აქვს 1 მიზანი: დაშინება - "სოციალური დემოკრატიისთვის"

მოძრაობა "სოციალური დემოკრატიისთვის"

მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის 8 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მათი თქმით, 8 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში მშვიდობიანად მივიდა კალაძის ოფისთან და საუბრობდნენ მოსახლეობის სოციალურ პრობლემებზე. ამ დროს მოქალაქეებს შორის შევარდა რამდენიმე მანქანა და იქ მსხდომმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის მონაწილეებს. პოლიცია კი ამ დროს ადგილზე არ იმყოფებოდა.

"8 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის მშვიდობიანი მარში მშვიდობიანი მსვლელობით მივიდა კახა კალაძის ოფისთან და აჟღერებდა მნიშვნელოვან სათქმელს მოსახლეობის მძიმე, სოციალურ პირობებზე.
მანიფესტანტებს შორის იყვნენ მარშის მუდმივი მონაწილეები და ჩვენი მოძრაობის ძვირფასი წევრები. მათ შორის: გოტა ჭანტურია, ნინო ტურიაშვილი, გიორგი მიქაბერიძე და გუგა დუდუჩავა, რომლებიც სიძულვილის პროპაგანდის სამიზნეებად იქცნენ.

საზმაუს მარში 9 თვეა, ყოველდღიურად აწყობს მსვლელობას, რომელზიც ყურადღებას ამახვილებს ჩვენი საზოგადოების ყველაზე მწვავე პრობლემებზე. მიუხედავად იმისა, რომ მარშს 9 თვეა, დაყვება პოლიცია, 8 სექტემბერს მელიქიშვილის ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის არც ერთი წარმომადგენელი არ იმყოფებოდა.

შტაბთან მისვლიდან მალევე აქციის მონაწილეებს შორის შემოვარდა რამდენიმე მანქანა და მანიფესტანტების რიგის გახლეჩა სცადა. მანქანაში მსხდომმა აგრესიულად განწყობილმა პირებმა დაიწყეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ დროს სავარაუდოდ წინასწარ ჩასაფრებულმა ჯგუფებმა შტაბიდან და მიმდებარე ქუჩებიდან ხალხი ალყაში მოაქციეს და დაიწყეს მათი დარბევა. მოგვიანებით გამოჩნდა პოლიციაც, რომელიც უმოქმედოდ იდგა.

თავდამსხმელები გამოირჩეოდნენ სისასტიკით ქალებისა და ჟურნალისტების მიმართ. ქართული ოცნების პროპაგანდის მიერ გავრცელებული კადრები, სადაც გაღიზიანებული და ალყაში მოქცეული მანიფესტანტები აღშფოთებასა და ბრაზს გამოხატავენ, გადაღებულია სწორედ ამ დარბევის მერე." - განაცხადეს ბრიფინგზე.

მოძრაობის ცნობით, ტელეკომპანია იმედმა და რეჟიმის პროქსი გვერდებმა გამოაქვეყნეს აქციის მონაწილეთა ჯერ სახელები და გვარები და შემდეგ მისამართებიც.

"ამის შემდგომ 9 სექტემბერს ტელეკომპანია იმედმა გამოაქვეყნა მანიფესტანტების, მათ შორის, ჩვენი მოძრაობის წევრების ფოტოები სახელებითა და გვარებით და მათ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფი უწოდა. მოგვიანებით კი ოცნებასთან აფილირებულმა გვერდებმა ამ ფოტოებს დაურთეს ჩვენი წევრების საცხოვრებელი მისამართები.

10 სექტემბერს ოცნების პროპაგანდისტული ტელევიზიები მთელი დღის განმავლობაში დადიოდნენ ამ მისამართებზე. ჩვენთვის ეჭვგარეშეა, რომ 8 სექტემბრის თავდასხმაც და მომდევნო დღეების კამპანიაც წაქეზებული და ხელშეწყობილია ქართული ოცნების მიერ. ამაში გვარწმუნებს ბოლო თვეებში აქციების სასტიკ დარბევებში მონაწილე მოძალადეების დემონსტრაციული დაუსჯელობა. პირიქით, ოცნება მათ ღირსების მედლებითაც კი აჯილდოებს.

ოცნების მხარდამჭერი ყალბი ანგარიშებიდან პროტესტში ჩართული პირების მისამართების გახმაურება ემსახურება ერთადერთ მიზანს: დააშინოს ადამიანები, წაახალისოს ძალადობა და დახატოს სურათი, თითქოს ეს მოქალაქეებმა ჩაიდინეს.

მარშის მონაწილეთა მიმართ ორგანიზებული ძალადობისთვის 2 პირის დაკავებით ოცნება ცდილობს, თავის ამომრჩეველთან ითამაშოს სამართლიანი მსაჯის როლი. თუმცა, ოცნების სამართლიანობაზე მეტყველებს 60-მდე პოლიტპატიმარი, მზია ამაღლობელის საქმე, ჭიათურელი მაღაროელების საქმე, კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის 23 წლის სტუდენტი გოგოს დაკავების საქმე, მისი დაკავების არაჰუმანური ფორმები და ის უსამართლო, არაპროპორციული სასჯელი, რაც მას ელოდება." - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიფინგზე ასევე თქვეს, რომ დაპირისპირების პროვოცირებით ქართული ოცნება ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. მოძრაობა კი გააგრძელებს ბრძოლას პოლიტიკურად თავისუფალ მოქალაქეებზე დაფუძნებული თანასწორი საზოგადოებისთვის.

"ოცნება, რომელიც ამტკიცებს, რომ მშვიდობას იცავს, სინამდვილეში უკვე დიდი ხანია, სიძულვილის დათესვით არის დაკავებული, ავრცელებს დეზინფორმაციას, აქეზებს ძალადობას და ცდილობს წინააღმდგობის მონაწილეთა დეჰუმანიზებას. ადამიანებისთვის ადამიანობის წართმევას ყოველთვის უმძიმესი შედეგები მოჰყვებოდა ისტორიაში. ეს რყვნის საზოგადოებას და საშიშია უკლებლივ ყველასთვის, მათ შორის, ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვისაც.

სიტუაციის განზრახი ესკალაცია და დაპირისპირების პროვოცირება ქართული ოცნების მიზანმიმართული სტრატეგიაა ძალაუფლების შესანარჩულებლად. მისი მიზანია, წინააღმდეგობის მრავალფეროვნება გააქროს და ყველას საერთო იარლიყი მიაწებოს, დაპირისპირების სურათის დახატვით კი პროტესტის მონაწილეთა შემდგომში დაშინებისა და დევნის საფუძველი შექმნას.

ჩვენი მოძრაობა დაიცავს საკუთარ წევრებს და გამოიყენებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, მათ შორის, რაც ტყუილების, მუქარის თუ პერსონალური მონაცემების უკანონოდ გავრცელებას შეეხება. მოძრაობა აგრძელებს იმ მიზნებისთის ბრძოლას, რისი გულისთვისაც დაარსდა. ჩვენ გვინდა, საჯარო ველში თავად მოქალაქეებმა წამოჭრან ის სისტემური საკითხები, რომლებიც ამჟამად პოლიტიკიდან გამქრალია, იქნება ეს სიღარიბე, უთანასწორობა, უსახლკარობა, საარსებო გარემოს განადგურება თუ ხალხის და ბუნებრივი რესურსების ყვლეფა და ამის ხარჯზე ერთეულების გამდიდრება.

მოძრაობა აგრძელებს ბრძოლას ეკონომიკურად ძლიერ და პოლიტიკურად თავისუფალ მოქალაქეებზე დაფუძნებული თანასწორი საზოგადოებისთვის." - განაცხადეს მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წევრებმა.

კომენტარები