თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა ისაუბრა და თქვა, რომ ვიდეოკადრები ბუნდოვანია და მათზე არცერთ მომენტში არ ჩანს იარაღის აღება. ადვოკატმა ლალი აფციაურმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია კადრების გასაჯაროვება, "უბრალოდ, ამ ეტაპზე არ ვთვლი საჭიროდ". მისივე თქმით, კადრები ბუნდოვანია, თუმცა ზუსტად ემთხვევა ალექსი ახვლედიანის მონათხრობს.
"ბუნდოვანი კადრებია, ეზოს კადრებია. წუთი წუთზე ემთხვევა, რასაც ახვლედიანი ბრძანებს, რომ დაურეკა, გამოვიდა, შევიდა და რომ მარტო არიან და იქ სხვა არავინ არ არის. ამ კადრებს თქვენც ნახავთ ალბათ, ამის დროც დადგება."
მანამდე, მომხდარზე საუბრისას ალექსი ახვლედიანმა თქვა, რომ გასროლის ხმა არ გაუგია და როდესაც რიჟვაძე საავადმყოფოში წაიყვანა, ის უგონო მდგომარეობაში იყო.
7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი. გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მალევე, იმედმა გაავრცელა წერილი, რომელიც მათი მტკიცებით, რიჟვაძემ თვითმკვლელობამდე დაწერა.
თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს ალექსი ახვლედიანი, რომელსაც გირაო შეეფარდა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის უფლერბამოსილება შეუწყდა.
ამ ეტაპზე, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში იმყოფება და როგორც ივანიშვილის პრემიერმა განაცხადა, მასთან პირდაპირი კომუნიკაცია არ ჰქონია, იმიტომ, რომ რიჟვაძეს ტელეფონი არ აქვს.





