აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ივანიშვილის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ საქმეზე, საკმაოდ დიდი ინფორმაცია ჰქონდა და "აწი, ალბათ უფრო მეტს გავიგებ". მდინარაძის თქმითვე, საგამოძიებო ორგანოები "რაღაცებს ვერ ამბობენ, არ ამბობენ შეგნებულად, რომ ამ პერსონალურ საკითხებს არ შეეხონ".
მამუკა მდინარაძემ ისიც აღნიშნა, რომ ჰქონდა კონტაქტი რიჟვაძის ოჯახის წევრებთან, თუმცა პირადად დაჭრილ თანაგუნდელს მომხდარის შემდეგ არ შეხვედრია.
"თორნიკე არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი და დიდი დამსახურება აქვს საკუთარი რეგიონის და ქვეყნის წინაშე, მმართველი გუნდის წინაშე, ის არის ჩვენი მეგობარი, როგორც თქვენ აპელირებდით, რომ "ახლო მეგობარი" და "დღე და ღამე ერთად იყვნენ", ასე არა, მაგრამ ჩვენი მეგობარი" - ამ სიტყვებით დაახასიათა მდინარაძემ თორნიკე რიჟვაძე
"ეს არის მისი სურვილი, რომ გარშემომყოფებთან, თითქმის არავისთან ურთიერთობა არა აქვს და აქვს ისეთი მდგომარეობა, რომლის გამოც ჩვენ ყველანი ამას გაგებით ვეკიდებით და უფრო სიღრმეში ვერ შევდივართ, ისევ პერსონალური რაღაც საკითხებიდან გამომდინარე და ამით ნუ ისარგებლებთ მომავალში ძალიან გთხოვთ, ეს იქნება ამორალური" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
7 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი, ხოლო გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მალევე, TV იმედმა გაავრცელა წერილი, რომელიც, მათი მტკიცებით, რიჟვაძემ თვითმკვლელობამდე დაწერა.
თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დააკავეს ალექსი ახვლედიანი, რომელსაც გირაო შეეფარდა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს უფლებამოსილება შეუწყდა.
ამ ეტაპზე, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში იმყოფება და როგორც ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მასთან პირდაპირი კომუნიკაცია არ ჰქონია, იმიტომ, რომ რიჟვაძეს ტელეფონი არ აქვს.





