ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება

13 სექტემბერს, 19 საათზე, თსუ-სთან შევიკრიბოთ ძალიან ბევრნი - პროფესორ-მასწავლებლები

პროფესორ-მასწავლებლები
ფორმულა

საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებმა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

მათი განცხადებით, უვიზო მიმოსვლის შეჩერებით დავკარგავთ ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური სტაბილურობის, უკეთესი განათლების მიღებისა და მარტივი მოგზაურობის შესაძლებლობას. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ 13 სექტემბერს, 19 საათზე შეუერთდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაგეგმილ აქციას.

"სოლიდარობა სინდისის პატიმრებს. სოლიდარობა კოლეგას ნინო დათაშვილს, რომლის უსამართლო პროცესიც ამ წუთებში მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში.

ახლა კი, წავიკითხავ პროფესორ-მასწავლებელთა საერთო განცხადებას.

ჩვენ, პროფესორ-მასწავლებლები და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ქვეყნის ისტორიულ-ცივილიზაციური ორიენტაციის გამოხატულება, ევროკავშირთან სიახლოვის ნიშნული, უკეთ ცხოვრებისა და კეთილდღეობის შესაძლებლობა, რომელიც ხანგრძლივი ბრძოლისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგად მოიპოვა ქართველმა ხალხმა! ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით დავკარგავთ:

იმ ქვეყნებთან უშუალო კავშირს, რომელთა აღიარებაზეც დგას საქართველოს დამოუკიდებლობა, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური სტაბილურობის, უკეთესი განათლების მიღებისა და მარტივი მოგზაურობის შესაძლებლობას.

მოგიწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით სტუდენტებსა და ახალგაზრდებს! ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც ძვირფასია ქართული პასპორტი და ოჯახის კეთილდღეობა, 13 სექტემბერს, 19 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შევიკრიბოთ ძალიან ბევრნი, რათა უარი ვუთხრათ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, დავიცვათ დემოკრატია, სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ქვეყნის მომავალი!

არა რუსულ რეჟიმს!

დაიცავი უვიზო!" - თქვეს ბრიფინგზე.

კომენტარები