ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ დაარეგისტრირა მათი საჩივარი ქართული ოცნების მიერ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის შესაზღუდად ბოლო პერიოდში მიღებული რეპრესიული კანონების, მათ შორის ივანიშვილის "FARA-ს" წინააღმდეგ.
"საჩივარი შეეხება როგორც რეპრესიულ კანონმდებლობას, ასევე ამ კანონების საფუძველზე დაწყებულ კონკრეტულ ქმედებებს - კერძოდ, ზოგიერთი მოსარჩელის მიმართ ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან დაწყებულ მოკვლევას. ჩვენ ვდაობთ, რომ ხელისუფლების მიზანი არის არა კანონების აღსრულება, არამედ განსხვავებული აზრის ჩახშობა და ჩვენი საქმიანობის შეჩერება, რომ ვეღარ შევძლოთ ადამიანების დახმარება. ეს კანონები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, სამართლიანი სასამართლოსა და სხვა უფლებებს". - ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით ერთობლივად მიმართეს ორგანიზაციებმა:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
- კანონის უზენაესობის ცენტრი
- პუბლიკა
- საქართველოს ევროპული ორბიტა
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისათვის
შეგახსენებთ, ივანიშვილის პარლამენტში "FARA"-ს კანონს III მოსმენით მხარი 1-ელ აპრილს დაუჭირეს.





