FARA-ს კანონპროექტი

FARA აგრესიული ქმედებაა, განსხვავებული აზრის ჩასახშობად – კალასის და კოსის ერთობლივი განცადება

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი, მარტა კოსი ოცნების "FARA"-ს კანონის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ევროკავშირის წარმომადგენლების შეფასებით, კანონი საქართველოს დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენს და მისი მიღება ქართული ოცნების კიდევ ერთი აგრესიული ქმედებაა განსხვავებული აზრის ჩასახშობად.

საქართველოს კანონი "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ", ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენს. "მაუწყებლობის შესახებ" და "გრანტების შესახებ" ბოლოდროინდელ კანონებთან ერთად, ამ კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი აგრესიული ქმედებაა, განსხვავებული აზრის ჩასახშობად, ასევე, თავისუფლებების შესაზღუდად და აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის სამოქმედო სივრცის კიდევ უფრო მეტად შესავიწროებლად. ეს რეპრესიული ზომები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების არსებობის გაგრძელებას და მოქალაქეების მომავალს თავისუფალ და ღია საზოგადოებაში. 

2024 წლის ივნისისა და ოქტომბრის გადაწყვეტილებებში ევროპულმა საბჭომ დაადგინა, რომ ასეთი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნიდა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერდა. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს მისი მოქალაქეების მკაფიო მოთხოვნები დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, საპროტესტო აქციების მონაწილე და პოლიტიკური ლიდერი. ევროკავშირი მზადაა განიხილოს საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუკი ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის საპირისპირო სარწმუნო ნაბიჯებს გადადგამს. პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. 


ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიღებული "FARA"-ს კანონი 31 მაისიდან ამოქმედა. მისი აღმასრულებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება.

განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით.

კომენტარები