ლელო - ძლიერი საქართველო, დღეს, 8 სინდისის პატიმრის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
"ივანიშვილის მსახურმა სასამართლომ დღეს კიდევ ერთხელ დაგვანახა სისტემის მორჩილება რუსული რეჟიმის მიმართ და სინდისის პატიმრებს პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა.
ძლიერი საქართველო - ლელოს წევრების, ვეფხია კასრაძის და ვასილ კაძელაშვილის საქმეზე სასამართლოს დღეს უკან დახევა მოუწია და ბრალის აბსურდულობის გამო იძულებული გახდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდება გადაეკვალიფიცირებინა, თუმცა 2 წლით და 6 თვით ისინი მაინც პატიმრობაში გაუშვა.
დღეს გამოცხადებული განაჩენით დადასტურდა, რომ არანაირ ჯგუფურ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია და ის ბრალი რაც სასამართლომ დაადგინა, ასეთივე აბსურდულია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სინდისის პატიმრების მიმართ რეჟიმი პოლიტიკურ რეპრესიებს ახორციელებს.
ძლიერი საქართველო - ლელოს პოლიტიკური გუნდი აგრძელებს ბრძოლას სინდისის პატიმრების გასათავისუფლებლად, მათ შორის, საერთაშორისო ველზე, რომ ეს რეჟიმი იყოს ბოლომდე არაღიარებული და დელეგიტიმირებული.
ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, სანამ ყველა უკანონო პატიმარი არ გათავისუფლდება და ეს რეჟიმი არ დასრულდება!
პირობას ვდებთ, რომ ვინც ამ უსამართლობაში მიიღო მონაწილეობა, ძალოვანი იქნება ის, თუ მოსამართლე, თავად მიეცემა სამართლებრივ პასუხისგებაში!" - ნათქვამია ლელო - ძლიერი საქართველოს გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, აქციების დროს დაკავებული 8 პირის საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოიტანა - მჭედლიშვილმა მუხლები გადააკვალიფიცირა და განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის საფუძველზე გამოიტანა - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა.
პროკურატურა სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებოდა - მუხლი 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





